სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქს
უწმიდესსა და უნეტარეს ილია II
 

საქართველოს სხვადასხვა ტაძრის მართლმადიდებელნი, სტუდენტ-ახალგაზრდობასთან ერთად ძალასა და ღონეს არ დავიშურებთ ხელთუქმნელი ანჩისხატისათვის თავისსავე სახელდებულ ტაძარში სახატის პროექტის განხორციელებისა და დაცვის უკეთესი პირობების უზრუნველყოფისათვის, ვიდრე იგი მუზეუმშია, რისი დაწყებისთვისაც თუ ხელს არ შეგვიშლიან, ყველანაირად მზად ვართ.;.


თქვენო უწმიდესობავ


მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატისა და სიწმინდეების სახელით შეკრებილი სხვადასხვა ტაძრის მრევლი ქრისტიანული მოკრძალებით თქვენს მამა-შვილურ ყურადღებას კვლავაც ვითხოვთ. როგორც ბევრჯერ აღგვინიშნავს, წლების მანძილზე თქვენს თანადგომას მრევლი უთქმელადაც ყოველთვის გრძნობდა. გავიხსენებთ, რომ 1996 წელს სწორედ მორწმუნეთა მრავალი თხოვნის შემდეგ მიმართეთ სახელმწიფოს ხელითუქმნელი ანჩისხატის დაბრუნებასთან დაკავშირებით და აღნიშნეთ, რომ იგი ,,წმიდა ნინოს ჯვართან და სხვა სიწმიდეებთან ერთად სათანადოდ იქნება დაცული ტაძარში და მის წინაშე აღევლინება ლოცვები ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის”. როდესაც მიმართვა გაზეთ ,,მადლში” ღიად გამოქვეყნდა და სახელმწიფოს მხრიდან უპასუხოდ დარჩა, ყველა მივხვდით, რომ პატრიარქისა და მრევლის თხოვნა არ დაკმაყოფილდა. თუ რატომ არ დაუბრუნა სახელმწიფომ ეკლესიას თავისი კუთვნილი ხატი მალევე გამოჩნდა - 1999 წელს მთავრობის მეშვეობით სიწმიდეების გატანის აშკარა მცდელობაა, რომლის თანამონაწილედ, როგორც ვიცით, მრავალნი ეკლესიაშიც აღმოჩნდნენ და რომ არა თქვენი, მამულიშვილ იერარქთა და განსაკუთრებით იმ ქართველ სტუდენტ-ახალგაზრდობის თავდადება, ვინ იცის ეს საკითხი როგორ დამთავრებულიყო?! ისტორია მეტყველებს, რომ ამ საკითხებში ერის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი და კურთხეული იყო, რაც მათი კეთილი საქმეებიდანაც ჩანს. ასეც უნდა იყოს, მწყემსს უნდა უნდოდეს და სამწყსო კი აღასრულებდეს. ყოველივე ამის შემდეგ რომელ მხარესაც არ მოსწონს ამგვარი ერთობა ეკლესიური საკითხების დაცვაში - გასაგებია!

ამ ძნელბედობის ჟამს ანჩისხატი თქვენი წინამძღვრობით ერმა და ბერმა ჩვენი მამულისა და ქვეყნის გადასარჩენად მოვითხოვეთ და ყველანი სწორედ უფლისა და ქვეყნის წინაშე ჩვენივე საქმით ვაგებთ პასუხს! დღეს, როდესაც დემოკრატიის მანტიაში გახვეული პოლიტიკური ძალების აზვირთებულმა ტალღამ აშკარად გადაუარა პატარა ერების ადათ-წესებსა და თვითმყოფადობას, ჩვენს მამულსა და სარწმუნოებას აშკარა საფრთხე დაემუქრა, ამიტომაც ხალხმა კიდევ უფრო მეტი სასოება და მოშურნეობა გამოიჩინა სასწაულთმოქმედი სიწმიდეებისადმი, რომელთა უდიდესი მადლი და შეწევნა საქართველოს სწორედ ეხლა სჭირდება. მრევლმა დაიწყო სხვადასხვა ტაძრებში ანჩისხატის ასლების ლიტანიობით შეწირვა და მისი დედაქალაქის გარშემო შემოტარება, ასევე მუზეუმში დატყვევებული სხვადასხვა ხატებისა და მათი ისტორიების გავრცელება. ეს პროცესი სრულიად საქართველოს გადასწვდა და ანჩისხატით ლიტანიობა მართლმადიდებელთა ზეიმად იქცა - თბილისის, ქუთაისის, თელავის, მცხეთის, რუსთავის მართლმადიდებელი მრევლი ამ ხატის მადლმა გააერთიანა, რომელთაც წინ თქვენი კურთხეული სიტყვები მიუძღოდა, რომ ანჩისხატისა და სიწმინდეების წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა. მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატიც ხომ თავისი ტროპარიდან ამასვე გვაკურთხევს: "ლიტანიობდით და გალობდით, აქებდით და ადიდებდით ყოველი სული და ყოველი დაბადებული, ყოვლისა სოფლისა მხსნელსა და მფარველსა საშინელსა ანჩისხატსა" . ყოველივე ამის შემდგომ ამ კეთილი საქმის მოშურნეთათვის ძალიან დამაბნეველი და დამაბრკოლებელია თქვენი მოთხოვნის საწინააღმდეგო შინაარსის მქონე სტატიის გამოქვეყნება ისეთი საპასუხისმგებლო გაზეთის ფურცლებზე, როგორიც ,,საპატრიარქოს უწყებანია”, (#13.2005წ) სადაც ისე გამოჰყავთ, თითქოს არ ვიცოდით რას ვითხოვდით! ეს საშინელი შეურაცყოფაა ყველა იმ სასულიერო თუ საერო პირისა ვინც ბოლო დროს მონაწილეობა მიიღო ამ ღვთისთვის სათნო საქმეში. ამ წერილში აღსანიშნავია მამა რევაზის (ტომარაძის) ხმამაღალი განაცხადი მუზეუმში დატყვევებულ სიწმიდეებთან მიმდინარე ლოცვებზე თქვენი კურთხევის შესახებ. მან ეს ეხლახან მართლმადიდებლობის ზეიმზე, დიდი სალიტანიო ხატის ანჩისხატის ტაძარში შებრძანების დღეს, მოძღვრებისა და მრევლის წინაშე ხმამაღლა განაცხადა: `ვამბობ ანჩისხატის სამღვდელოების გასაგონად, რომ სიწმინდეებთან მომლოცველი მრევლი ყველაფერს აკეთებდა კურთხევით~ რითაც ამხილა კიდეც ის სასულიერო პირნი ვინც წლების განმავლობაში ებრძვიან ანჩისხატის თავის სახელობის ტაძარში დაბრუნებას. მამა რევაზი, ეტყობა ამ სიტყვებისთვის მწარედ გაკიცხეს, რაც ერთი კვირის შემდგომ მის ინტერვიუში გამოხატული საწინააღმდეგო აზრებიდანაც ჩანს. ეს წერილი მამა რევაზის წარსული წლების საქმიანობას რადიკალურად ეწინააღმდეგება, რასაც ტელევიზიასა თუ გაზეთებისთვის მის მიერ მიცემული ინტერვიუებიც ადასტურებს. სტატიაში მოყვანილი ფაქტები რომ წინასწარ დაგეგმილი სიცრუეა, ამას კორესპონდენტის, მარიამ გაგუას ცილისმწამებლური კითხვებიც ააშკარავებს. ამ ტენდენციურმა წერილმა ბევრს გაზეთი ,,ახალგაზრდა კომუნისტი” გაახსენა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ამავე გაზეთის რედაქტორს ანჩისხატის დაუყოვნებლივ დაბრუნებაზეც აქვს ხელი მოწერილი და დაბრუნების საწინააგმდეგოდ შედგენილ განცხადებაზეც, რომელიც სამარცხვინოდ ხატების შეურაცხმყოფელ მუზეუმის სალაროზეა გამოკრული. ჩვენ მათ ვურჩევდით, რომ შენდობა ითხოვონ იმ ათასობით ხატთა თაყვანისმცემელთა წინაშე, რომელნიც მათ მაგივრადაც იცავენ სიწმიდეებს, ისიც გვინდა იცოდნენ, რომ საზოგადო ცოდვებისათვის ბრძოლა თვითნებურობა კი არა, თითეული ჩვენთაგანის მოვალეობაა. ქრისტიანული არც ის არის, რომ ისინი არასოდეს დაინტერესებულან ჩვენი საქმიანობით და ეტყობა არც თვითონ ჩაუხედავთ ჟურნალში, თორემ ნახავდნენ, რომ გამოცემას `სიწმიდეები გვიხმობენ~ ჰყავს სარედაქციო კოლეგია და იგი მე-3 გვედზეა მითითებული. აღსანიშნავია, რომ ეს ჟურნალი მრავალი ძალისხმევის შედეგად ანჩისხატის ისტორიული ეზოს შენობაში, იმ რთულ დროს შექმნა მრევლმა, როცა იგი ეკლესიისთვის ჯერ კიდევ გადმოცემული არ იყო. დღეს კი როდესაც შენობა ტაძარს ეკუთვნის, რაშიც ვგონებთ მრევლის მოკრძალებული წვლილიც დევს, სამწუხაროდ მათ მუშაობა შეწყვეტილი აქვთ. ამ ჟურნალში, ბევრ საინტერესო ისტორიასთან ერთად 1902 წლის შემდეგ პირველად გამოქვეყნდა (ძველი ანჩისხატის ტაძარი, ისტორიული მიმოხილვა მღვდელი პ. კარბელაშვილისა). ჟურნალის პრეზენტაციაზე მოწვეული თქვენც ბრძანდებოდით, ამ შეხვედრას კი მამა რევაზთან ერთად მრავალი სასულიერო პირი, ბაგრატიონთა, თავადაზნაურთა და ღირსეულ მამულიშვილთა წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთა თანადგომაც სწორედაც ამ საკითხისადმი ჟურნალის უკანა გვერდზეა ხელმოწერების სახით მითითებული. ყველას უკვირს, მაშ რა გახდა მიზეზი ეკლესიის წიაღში ამ ცრუ წერილის შექმნისა, რომლის უსამართლობამაც ბევრს თვალები აუხილა. ანჩისხატი ის ხატი არ არის, რომელიც ლიქნითა და ფარისეველთა პოლიტიკით გამოვიდეს, ანდა ასეთი გამოსვლით უფალმა როგორ უნდა გადაარჩინოს საქართველო. პირიქით, სწორედ დრო მოვიდა მის წინაშე დაერქვას ყველაფერს თავის სახელი: რა არის თვითნება და რა კიდევ ღვთისნება? რა არის უფლის მორჩილება და რა კიდევ ბრმად მორჩილება და პირმოთნეობა? რა არის ჭეშმარიტი კურთხევა და რა კიდევ სახელმწიფო ბრძანება. განა უფლის უფრო მეტად არ უნდა გვეშინოდეს ვიდრე ბოროტის? მეტადრე მაშინ როდესაც ხატს - საშინელი ანჩისხატი ჰქვია!

მაშინ, როცა ჩვენს ბოლო წერილზე მთავრობამ კულტურის მინისტრის მოადგილის ნიკა ვაჩეიშვილის პირით პასუხი გაგვცა და სიტყვიერად შეგვპირდა პირობების შექმნის შემთხვევაში ანჩისხატის თავისსავე სახელობის ტაძარში დაბრუნებას, ბუნებრივია რომ ბოროტმა სწორედ ამ ეკლესიიდან მოინდომა ამ საკითხის წაქცევა პრიმიტიული მეთოდით - თუ ანჩისხატის სამღვდელოებას სამების ტაძრის არარსებული მუზეუმის საბაბით, ხოლო საპატრიარქოს კი სამებაში სათანადო პირობების უქონლობის გამო უარს ვათქმევინებთ - ერიც დაბრკოლდება. ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი შემართებით ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ სახატის შესაქმნელად მზად ვართ არამარტო ანჩისხატის ტაძარში (პირიღვთის ხატისათვის), არამედ სამების ტაძარშიც, თუკი მთავრობა ანჩისხატთან ერთად სხვა რომელიმე სიწმიდესაც გადმოგვცემს (ამ ეტაპზე აწყურის ან ხახულის ღვთისმშობლის ხატს), მაგრამ არ გვინახავს სამების ტაძარში ხატების ვითომ დამბრუნებელთ ან ებრძოლოთ, ან ელოცოთ სიწმიდეების პატივის აღდგენისათვის, ისინი წლების განმავლობაში მხოლოდ მლოცველებს დევნიან. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ახლად დადებული კონსტიტუციური შეთანხმება დღესვე უხეშად ირღვევა და მათ სამომავლო დაპირებებს ვინღა დაიჯერებს? წმიდა სამების ტაძარში ანჩისხატის გადაბრძანების ,,იმედი” იმას ჰგავს, მძიმე ავადმყოფი წყალს ითხოვდეს და სახვალიოდ ჰპირდებოდნენ. მათ საქმეებს ფარდა თუ არ აეხადა ყოველივე კეთილი საქმის გადამწყვეტ მომენტში გაზეთიდან ან ამბიონიდან სასულიერო პირის ავტორიტეტით სიმართლისათვის მებრძოლ ხალხს გააჩერებენ და იქეთ გაკიცხავენ: ,,დაგვემორჩილეთ და ნუ შეგვედავებით, თორემ ეკლესია გაიხლიჩება”. ერთობის ლოცვები ხლეჩავს თუ ამ ერთობის წინააღმდეგ შეთხზული ცილისწამებები იმ საქმეებით ვცნოთ, რომელიც მუზეუმის სიწმინდეების მომლოცველთა წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარეობს. თუ წმიდა მამები გვასწავლიან საზოგადო ცოდვის დროს სიჩუმე დანაშაულიაო, ხატმებრძოლობაზე დიდი საზოგადო ცოვდა მართლმადიდებლობაში რაღა უნდა იყოს? თუ ეკუმენიზმის ცრუ სწავლებიდან გამოვედით და აქ კი სიწმინდეთმკრეხელობისა და სხვა უსჯულოების თანამონაწილენი დავრჩით, ნამდვილად სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. და არავინ თქვას, რომ ეს საკითხები მხოლოდ იერარქიის პრობლემაა, მაშინ 1999 წელს სტუდენტი-ახალგაზრდობის მიერ სიწმიდეების დაცვა, 2003 წლის გამოსვლები კათოლიციზმის წინააღმდეგ, განა მრევლის უხეშ ჩარევად უნდა ჩაითვალოს ,,საეკლესიო საქმეში?” ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი მამულიშვილი ექვთიმე თაყაიშვილი, სასულიერო პირი არ იყო, მაგრამ განა იგი უფალმა კეთილი საქმეებისთვის დაიწუნა? პირმოთნეობისა და ბრმად მორჩილების პრობლემა, რომელსაც თქვენს ქადაგებებში მრავალგზის შეხებიხართ, სამწუხაროდ ჩვენს ეკლესიაში კვლავაც დგას. თუ მოძღვრისა და მრევლის წრფელი ურთიერთობა ბოროტმა იმ იარაღად უნდა აქციოს, რომ სწორედ გადამწყვეტ მომენტში მრევლს ,,სიცრუეში მორჩილება” მოთხოვოს, მაშინ სიბრმავეს გაუმარჯვნია, ხრამისკენ ჩვენივე ნებით მივერეკებით და საკვირველიცაა ასეთი საქმეებით რაღა სიკეთეს ველოდებით. ვისაც ჰგონია რომ ანჩისხატის ადგილსამყოფელის შეცვლა შეუძლია პიროვნულად გადაწყვიტოს შევახსენებთ, რომ ანჩისხატის, სვეტიცხოვლის, გელათის ტაძრები და ისეთი სიწმიდეები, როგორც უფლის კვართი და მისი ხელითუქმნელი ხატია, სრულიად საქართველოს კუთვნილებაა და ამ ღვთისთვის სათნო საქმეს ვერანაირი ბოროტის მანქანებით ვერ გააჩერებენ. თავის დროზე უფალმა აქ ინება თავის ხატის დაბრძანება და დღეს სწორედ უფლისავე შეწევნით ერი ანჩისხატის თავისსავე სახელდებულ ტაძარში დაბრუნებას ითხოვს და თუ ეს ვინმეს არ მოსწონს თავისი ნებაა, შეუძლია ამ ტაძრიდან თვითონ წაბრძანდეს. სამების ტაძარის არარსებულ მუზეუმში სიწმიდეების გადაბრძანების იმედი, მორწმუნეების წმიდა ხატებისადმი შენაწირის შებღალვა, ეკლესიებიდან ხატების საეჭვო დაკარგვა, ხატთათაყვანისმცემლების რევოლუციონერებად შერაცხვა და სხვა ცილისმწამებლური ბრალდებები ერთ მიზანს ემსახურება - არ დააბრუნონ პირიღვთის ხატი მისსავე სახელობის ტაძარში და არ აღდგეს ლოცვა მუზეუმში დატყვევებულ სხვა სიწმიდეებთან. როდესაც თანახმანი ვართ სიწმიდეები მუზეუმში ულოცველად დავტოვოთ, სწორედ მაშინ უჩნდება ბოროტს მათი გატანისა და მათით ვაჭრობის სურვილი. უამრავი წმიდა მამების კანონები და შეჩვენებებიც ხომ ამასვე გვასწავლიან, რომ არ შეიძლება სიწმიდეების სხვა მიზნით გამოყენება. ამიტომაც უმორჩილესად გთხოვთ უწმიდესო, დღეიდან ნუღარ დავტოვებთ ჩვენს სიწმიდეებს უპატიოდ, სანამ მათ წინაშე ლოცვა არ აღდგება, რადგან რა მნიშვნელობა აქვს თბილისის მუზეუმში მიაყენებენ მას შეურაცხოფას, როგორც ექსპონატს, თუ ამერიკის რომელიმე გამოფენაზე. თუ არ გვატყუებენ და ქონება მართლაც საეკლესიოდაა გამოცხადებული, დღესვე შეუშვან წესისამებრ ეპისკოპოსი და სასულიერო პირნი რათა ისინი განაგებდნენ მათ ყოფილ სასულიერო სემინარიის შენობაში, ვინ აღუდგება ამ აზრს, რომ დღესვე აღდგეს ამ უდიდეს სიწმიდეებთან ლოცვა - თუ ამას პრეზიდენტი და მთავრობის მესვეურნი მოინდომებენ. თორემ თუ დღევანდელი საერთო მდგომარეობით სამუზეუმო გაერთიანებებსა და მათ ახლადშექმნილ დებულებებში ჩადებულ განზრახვებს გავითვალისწინებთ, ერთხელაც ამ სიწმიდეებს გაიტანენ და მერე უკვე გვიანი იქნება რაიმეს გაკეთება. და თუ ხატებს საქართველო ჯერ არ დაუტოვებიათ და ვინმე გუროვს ამხელა პრეტენზიები აქვს ვალებთან დაკავშირებით, სიწმიდეების გატანის შემდგომ უკან დაბრუნებაზე ადვილი წარმოსადგენია რა ულტიმატუმები შეიძლება წაუყენონ ისეთ ხელოვნურად გაღატაკებულსა და ვალებში მყოფ სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა. ხოლო თუ განსაცდსელის ჟამს ყველა დავიმალეთ, ჭეშმარიტება ვუარყავით და სიმართლისათვის მებრძოლთ თვითნებურები ვუწოდეთ, მაშინ გამოდის, რომ - ღალატს მორჩილება უნდა დავარქვათ და ღვთის ერთგულებას კი ურჩობა. რაც ღმერთმა ნუ ქნას!

თქვენო უწმინდესობავ, ის მორწმუნეები რომელთა ვედრებაც გაითვალისწინეთ ათი წლის წინ და სახელმწიფოსგან ითხოვეთ ანჩისხატის ტყვეობიდან განთავისუფლება, ის მორწმუნეები რომლებმაც რთულ ჟამს მიუხედავად შიდა თუ გარე ზეწოლისა შეძლებისდაგვარად შეასრულეს თქვენი ჭეშმარიტი კურთხევა, რომ სიწმიდეების წინაშე მუდმივად წარმართულიყო ლოცვა, ის მორწმუნეები რომლებმაც ღვთის შეწევნით გააცნეს ერს ანჩისხატისა და სიწმინდეების ნამდვილი ისტორია, ის მორწმუნეები, რომლებმაც რთულ ჟამს საქართველოს დიდი ქალაქების ქუჩებში მამულისა და სარწმუნოების დასაცავად ხმამაღლა ადიდეს უფლის ხელითუქმნელი ანჩისხატი - დღეს, სწორედ ის მორწმუნეები სტუდენტ-ახალგაზრდობასთან ერთად ერისათვის გადამწყვეტ ამ ისტორიულ მომენტში მოგმართავთ თქვენ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომ კვლავაც შეეწიოთ ამ ღვთისთვის სათნო საქმეს და გვიშუამდგომლოთ, რომ განვახორციელოთ სახატის პროექტი და ეს უდიდესი სიწმინდე მართლმადიდებლობისა სამართლიანად დავუბრუნოთ თავისსავე სახელდებულ მხცოვან ანჩისხატის ტაძარს, რათა მისი მადლითა და შეწევნით კვლავაც ჭეშმარიტად ვიყოთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

წერილს თან ახლავს ათიათიათასამდე სხვადასხვა ეკლესიის მრევლისა და სტუდენტ-ახალგაზრდობის ხელმოწერები.