საქართველოს პრეზიდენტს
ბატონ მიხეილ სააკაშვილს
მართლმადიდებელთა მიმართვა
გთხოვთ დაგვეხმაროთ ანჩისხატის ტაძარში სახატის პროექტის განხორციელებაში
ბატონო პრეზიდენტო,
მოგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი მრევლისა და სტუდენტ-ახალგაზრდობის სახელით მრავალჯერ მოგმართეთ წერილობითი თხოვნით ხელთუქმნელი ანჩისხატის მუზეუმიდან მისსავე სახელობის ეკლესიაში დაბრუნებისა და სხვა სიწმინდეებისათვის ეკლესიური პატივის აღდგენის შესახებ.
წინა ხელისუფლების მსგავსად ანალოგიური მეორდება დღესაც: მხოლოდ გაუთავებელი დამაიმედებელი საუბრები, ერთი ინსტანციიდან მეორეში სიარული, პასუხი წერილებზე კი დღემდე გაუცემელი რჩება. საწყენია, რომ წინა ორი წერილი ათასობით ხელმოწერასთან ერთად, რომელიც გამოგიგზავნეთ თქვენ როგორც ინაუგურაციამდე, ასევე მის შემდეგაც, უყურადღებოდ დარჩა. თითქოს თავიდან კურატორი თამრიკო მაჭავარიანი გვაიმედებდა, რომ საკითხი თქვენს მიერ განხილული იყო, თუმცა ბოლო მომენტში ისიც გვითხრეს რომ წერილი ხელმოწერებიანად უკვალოდ გაქრა. ამით ნდობის მომენტი აშკარად შეირყა… აღსანიშნავია ისიც რომ ბოლო, დეკემბრის წერილი, რომლის ნომერია # 19911, თქვენი ადმინისტრაციის თანამშრომლის ქალბატონი მერი ლომიას მიერ გადაგზავნილი იქნა კულტურის მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ნიკა ვაჩეიშვილთან რომელიც პირად შეხვედრებზე და საინფორმაციო საშუალებებიდან მრევლს სიტყვიერად დაგვპირდა, რომ სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში, უშუალოდ თქვენი თანხმობით, ხელთუქმნელი ხატი დაუბრუნდებოდა ანჩისხატის ტაძარს. ჩვენი უდიდესი თხოვნაა, რომ ეს დაპირება დაფიქსირდეს წერილობით, შემდეგი საკითხების გათვალისწინებით:
1) თუ მრევლი შექმნის ხატის უსაფრთხოებისათვის აუცილებელ პირობებს ანჩისხატის ტაძარში, სახელმწიფო დაუყოვნებლივ დაგვიბრუნებს მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს. სიწმინდეებისათვის თაყვანისაცემელ და ამ საკითხისათვის თავდადებულ ათასობით ადამიანს გვსურს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ფაქტს, რომ სახატის შექმნისათვის ყველანაირად მზად ვართ.
2) რადგან სამების ტაძარში სხვა სიწმიდეების გადაბრძანება თქვენივე სპეციალისტების თქმით, ყოვლად დაუშვებელია ტაძრის რკინა-ბეტონის კედლებისადა გამო, მაშინ გვიპასუხეთ: გადასცემთ თუ არა ეკლესიას თავის კუთვნილ ქონებას ყოფილ სასულიერო სემინარიის შენობაში (ეხლანდელ სახელმწიფო მუზეუმში), რათა მართლმადიდებელმა მრევლმა შეძლოს იქ არსებული ყველა ხატის მოლოცვა და პარაკლისების ჩატარება, რაც იოლად შესაძლებელია თუ ამას თქვენ მოინდომებთ და სახელმწიფოს სათანადო მესვეურებს აღასრულებინებთ.
და რადგანაც ანჩისხატისათვის შენობის დაბრუნებით ისტორიული სამართლიანობის აღდგენა დაგიწყიათ, მაშინ მისი გაგრძელება ჩვენი წმინდა მეფეთა მიერ შემკული ანჩისხატისა და ხახულის ღვთისმშობლის ხატის შემწეობის გარეშე ყოვლად წარმოუდგენლად მიგვაჩნია.
ბოლოს უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დააყოვნებთ პასუხს, ნუ გაგვაგზავნით სხვა ინსტანციაში, რადგან ვინმე გუროვის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ გვაფიქრებინებს, რომ საკითხის გადაწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და ამით სიწმიდეების გატანის მკრეხელურ გეგმას საბოლოოდ დაესვას წერტილი. დღევანდელი სამუზეუმო დებულება და მიმართულებები მართლმადიდებლობისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ რომ არ არის, ამას ყველა აშკარად ვხვდებით. და თუ უმოკლეს დროში პასუხის ნაცვლად ადგილი ექნება გაუთავებელ მომიზეზებებსა და უამრავ შიდა თუ გარე დაბრკოლებების შექმნას, ათასობით ხელმომწერი სტუდენტ ახალგაზრდობასთან ერთადჩათვლის, რომ 70 წლიანი ხატმებრძოლობა ძალაშია და მთავრობას ჩვენთვის სიწმიდეების დაბრუნება არ სურს.
მიმართვას თან ახლავს ათასობით მხარდამჭერთა ხელმოწერები, რომლებიც იმედია აღარ დაიკარგება.