ანჩისხატის ისტორია

პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი
ფოტოზე: პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი
1902 წლის 3 აგვისტოს გაზეთმა "ივერიამ" გამოაქვეყნა: "იბეჭდება და 15 მარიამობისთვის გამოვა გასასყიდად ახალი ქართული წიგნი "ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში" ისტორიული მიმოხილვა მღვდელი პ. კარბელაშვილისა" წიგნმა "ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში" საუკუნის შემდეგ დიდი დახმარება გაგვიწია მაცხოვრის ხელითუქმნელი ანჩისხატის ნამდვილი ისტორიის შესწავლაში, რომელიც დამახინჯებული იყო კომუნისტური რეჟიმის პერიოდში. შევეცადეთ მისი ძირითადი ნაწილი გაგვეცნო მკითხველისათვის.
ძმები კარბელაშვილები, ქართული გალობის დიდი მოამაგენი
ფოტოზე: ძმები კარბელაშვილები, ქართული გალობის დიდი მოამაგენი, აღმოსავლეთ საქართველოს ძველი საეკლესიო კილოების შემომნახველნი. მარცხნიდან: დეკ. პოლიევკტოს, დეკ. ვასილი შემდგომში (ეპ. სტეფანე), მღ. პეტრე და დეკ. ანდრია.
მღვდელ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე. იგი მოღვაწეობდა XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის I ნახევარში. პ.კარბელაშვილი დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ჭალაში, მღვდლის ოჯახში. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. პ.კარბელაშვილი მოღვაწეობდა ქ.თბილისში, ქ.გურჯაანში და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა სოფლებში. აქვს გამოცემული სხვადასხვა წიგნები: ,,ქართული საერო და სასულიერო კილოები" (1898წ.), ,,კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი" (1900 წ.), ,,იერარქია საქართველოს ეკკლესიისა" (1901 წ.) და ,,ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ.ტფილისში" (1902 წ.). პ.კარბელაშვილის არქივში დაცულია მრავალი საინტერესო მასალა. მათ შორის, თვალსაჩინო მამულიშვილების - ექვთიმე თაყაიშვილის, ალ. ხახანაშვილის, თედო ჟორდანიას და სხვათა წერილები. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავისი დროის მოწინავე მოღვაწეებთან: ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ალ.ყაზბეგთან, ნ.ნიკოლაძესთან, ივ.ჯავახიშვილთან, მ.ჯანაშვილთან და სხვებთან. საგულისხმო მონაპოვარია მის მიერ მიკვლეული ,,ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი ქ.გურჯაანში, რომლის პუბლიკაცია მოხდა ჟურნალ ,,ივერიაში" (1880 წ. #3). 1889წ. პ.კარბელაშვილი ეწვია დავითგარეჯის მონასტერს, შეისწავლა იქ არსებული ბიბლიოთეკა. მისი გადმოცემით, იქ 110 ცალი ხელნაწერი წიგნი ყოფილა, რომელთა შორის 22 ტყავზე იყო დაწერილი. პ.კარბელაშვილმა გადმოიწერა და გაშიფრა ამ წიგნების ,,მინაწერები". დავით გარეჯის უდაბნოში ბიბლიოთეკის აღმოჩენის ფაქტს გამოხმაურებია ი.ჭავჭავაძე, რომელიც ,,ივერიის" (1886 წ. #159) მეთაურ წერილში წერდა: ,,ჯერ მარტო დავითგარეჯის უდაბნოში 100-ზე მეტი წიგნი აღმოჩენილა. მათ შორის, ზოგი იმისთანაა თავისი სიძველით, რომ ფასდაუდებელია. რამდენი სხვა ამისთანა მონასტერია ჩვენს ქვეყანაში და რამდენი წიგნი უნდა აღმოჩნდეს ამ მონასტრებში, ვინ მოსთვლის". პ.კარბელაშვილის ოჯახს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული საერო სიმღერებისა და სასულიერო საგალობლების მოძიება-შესწავლაში. კერძოდ, ქართლ-კახური სიმღერა-გალობის შენარჩუნების საქმეში - ამიტომ ამ საგალობლებს მეორენაირად ,,კარბელაანთ კილოს" უწოდებენ. აკაკი წერეთელს მოგზაურობის დროს კახეთში (1897 წ.) ღამე გაუთევია სოფელ გურჯაანში, პ.კარბელაშვილის სახლში. წერს პოეტი: ,,ერთი ღამე გზაში მამა პოლიევქტოს კარბელაშვილისას გავათიე, სადაც გავსინჯე მისი ქართული ბიბლიოთეკა და კმაყოფილი დავრჩი" (ა. წერეთელი თხზ. ტ. XIII გვ. 316-317). პოლიევქტოს კარბელაშვილი გარდაიცვალა 1936 წელს. იგი დაკრძალულია ქ. გურჯაანში. ძმები კარბელაშვილების შთამომავალნი თვის წინაპართა ღირსეული დამფასებელნი არიან და პედაგოგიურ-მეცნიერულ მოღვაწეობას ეწევიან ქ.თბილისში. მათ დიდი დახმარება გაგვიწიეს პ.კარბელაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის შესწავლაში.



მაცხოვრის ხელითუქმნელი ანჩის პირი
ღვთის ხატის ისტორია

ანჩიდგან მოსვენებული პირი ღვთის ხატი არის უდიდესი სიწმიდე მთელის ქრისტიანობისა. თავგადასავალი ამა ხატისა მეტად შესანიშნავია და სასიამოვნო მოსასმენი ყოველი ქრისტიანისათვის. იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების დროს, როდესაც მის მიერ ქმნილნი სასწაულნი ელვასავით ეფინებოდნენ მთელს დასავლეთ აზიას, საქართველოს მოსამზღვარე ქ. ედესიის მთავარი ავგაროზი მძიმე ავადმყოფი იყო; ყველა გამოჩენილმა მკურნალებმა ხელი აიღეს მის მორჩენაზედ. მაშინ ავგაროზმა დაწერა წერილი და მოსამსახურეს გაატანა იესო ქრისტესთან, სწერდა თავის უკურნებელს სნეულებასა და ეხვეწებოდა: - მოდი, მომარჩინე ამ სნეულებისაგან და ყოველსავე შენს ნებას ავასრულებო; გავიგე, რომ ურიები გემტერებიან, გდევნიან და გირჩევ, ჩემთან მოხვიდე, ჩემს სამეფოში უფრო მოსვენებით გაცხოვრებო. იესო ქრისტემ მოსწერა ლოცვა-კურთხევის წერილი, მოსვლა ვერ შემიძლიან, რადგან ჩემი დიდი საქმე ჯერ არ შემისრულებიაო. მოსამსახურისაგან გაიგო ავგაროზმა, რომ იესო ქრისტეს მეტად ემტერებოდნენ ურიები და მოკვლას ემუქრებოდნენ. სნეული ავგაროზი რაღაც დიადს სიამოვნებასა გრძნობდა, როცა იესო ქრისტეზე ფიქრობდა და ლაპარაკობდა, სნეულება მაშინ ჩვეულებრივ თითქოს არ აწუხებდა. ამიტომ გაგზავნა თავის საკუთარი ხელოვანი მხატვარი იერუსალიმში, რათა იესო ქრისტე დაეხატა და მოეტანა მისი სახე; ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ იესო ქრისტეს სახე ვერ გამოსახა ტილოზედ. მაშინ იესო ქრისტემ გამოართვა ტილო მხატვარსა, მიიფარა პირზედ და სასწაულებრივ გამოისახა-გამოიტვიფრა ტილოზედ მისი სახე. გახარებული მხატვარი გამოეჩქარა ავგაროზისაკენ მოციქულ თადეოზთან ერთად. გზად გამოიარეს ქალაქ იერაპოლში, რომლის განაპირად ღამე გაათიეს მეჭურჭლესთან; იმ ღამეს პირი ღვთის ხატი თიხის გამომწვარ კეცებ შუა ჩაასვენეს სიფრთხილისა გამო; შუაღამისას გამოჩნდა ციდგან ჩამოშვებული ცეცხლის სვეტი ზედ ხატზედ. მივიდა ქალაქის გამგებელი თავის მხლებლებით გასაგებად, თუ რას ნიშნავდა ცეცხლის სვეტი; როცა უამბეს სიწმიდე პირი ღვთის ხატისა, ამოასვენეს იგი კეცებიდგან და ნახეს, რომ იესო ქრისტეს სახე ზემო კეცზედ გადასახულიყო. ქალაქის გამგებელმა იგი კეცი თავისთვინ წაასვენა, ხოლო ნამდვილი პირი ღვთის ხატი გაატანა ავგაროზთან (შემდეგ VI საუკუნეში კეცის ხელითუქმნელი პირი ღვთის ხატი ესვენა ერთბუნებიანთა მწვალებელთა (ნესტორიანნი) საყდარში. წმ. მამა ანტონ ათორმეტთაგანმა ნახა იგი ხატი და შეშურდა, რომ ამისთანა დიდი სიწმიდე მწვალებელთა ხელში იყო. როცა წმ. იოანე ზედაძნელი თავისი მოწაფეებით გამოემართა საქართველოსაკენ, წმ. ანტონმა იდუმალ წამოიღო კეცი და მოასვენა საქართველოში). ედესიის ქალაქის მახლობლად, გზაზედ ერთი კუტი მთხოვარა ჭაბუკი თხოულობდა; თადეოზმა შეახო ხატი მთხოვარა კუტსა და მაშინვე განიკურნა, წამოდგა ფეხზედ და გახარებული გაეშურა დედასთან. ეს სასწაული ელვასავით მოეფინა ედესიის ქალაქსა. დაიბარა ავგაროზმა და ჰკითხა, - ვინ მოგარჩინა დაკუტებულიო? ჭაბუკმა უამბო თავისი სასწაულებრივი განკურნება. ავგაროზმა მაშინვე მიაგება სასწაულთმოქმედს ხატსა თავისი კარის მოხელენი და თვითვე სიხარულით ელოდებოდა სასურველი ხატის თაყვანისცემასა ექვსი წლის განმავლობაში ლოგინში მდებარე ავადმყოფი. აგერ, მოასვენეს ხატი. მომაკვდავი ავგაროზი სიხარულისაგან აღტაცებული სასოებით ემთხვია პირი ღვთის ხატსა და მეყვსეულად განიკურნა, ადგა ლოგინიდგან გახარებული, დაემხო პირქვე ხატის წინ და ცრემლით ჰმადლობდა ღმერთსა ესრეთის მოწყალებისათვის. მთელი ედესია ქალაქის მცხოვრებნი გაკვირვებულნი ადიდებდნენ ღმერთსა. ამის შემდეგ ავგაროზმა ირწმუნა მოძღვრება ქრისტესი და მოინათლა თადეოზისაგან კერასა წყაროში თავის ცოლ-შვილით "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". თადეოზმა იწყო ქადაგება და მთელი ედესიის სამთავრო მოაქრისტიანა. ავგაროზმა პირი ღვთის ხატი - ტილო დააკრა ფიცარზედ და ქალაქის კარების თავზედ დაასვენა დიდის პატივით, რათა ქალაქში შემსვლელ-გამომსვლელთ ყველას თაყვანი ეცა და ედიდებინა ღმერთი. აქ ესვენა ორასი წელიწადი. ავგაროზის მემკვიდრემ დაუწყო ჟლეტა ქრისტიანებსა; ამიტომ პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ დაკრძალეს აგურებით ქალაქის კედელში და ამოაშენეს ედესიის ეპისკოპოსის რჩევით და წინ დიდი სანთლის კელაპტარი დაუნთეს. თითქმის ოთხასი წელიწადი დარჩა ხატი ასე დაფარული. არის გარდმოცემა, მითომ წმ. ნინო, რიფსიმე, გაიანე და სხ. მოსულიყვნენ ედესიაში პირი ღვთის ხატის თაყვანის საცემლად. 539 წ. სპარსეთის მეფე ხოსრო მოუხდა ედესიის ქალაქსა და ამ გაჭირვების დროს ედესიის ეპისკოპოზმა ნახა სიზმრად ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო პირი ღვთის ხატი. მაშინ დიდის ლოცვა-ვედრებით გამოანგრიეს კედელი და გადმოასვენეს სასწაულთ მომქმედი ხატი. ამ დროს სპარსელების ბანაკში საშინელი არევ-დარევა მოხდა, აიყარნენ და გაუდგნენ თავის გზასა. ამის შემდეგ არ გასულა ასი წელიწადი, რომ ედესია მიდამოებით არაბებმა დაიპყრეს, მაგრამ ბერძნებმა განდევნეს ერთ დროს არაბები და პირი ღვთის ხატი დიდის ლიტანიობით ედესიიდგან გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და დაასვენეს წმიდა სოფიოს ტაძარში. VIII-IX საუკ. საბერძნეთის ზოგიერთი იმპერატორი ღვთის მოძულენი იყვნენ. ლეონ ისავროელმა და კოსტანტინე კოპრონიმომ, საბერძნეთის იმპერატორებმა, აღძრეს საშინელი დევნულება წმიდა ხატთა თაყვანისცემისა. დადიოდნენ იმპერატორის მოხელენი და სჩხრეკდნენ საყდრებსა და სახლებსა და, სადაც კი მოახელებდნენ ხატსა, ამტვრევდნენ, ჰხეჩავდნენ, სწვავდნენ ცეცხლში, ჰსცარცვა-ვდნენ სამკაულსა. ამიტომ ყველა ჰმალავდა წმიდა ხატებსა მიუდგომელ ადგილს, ზოგი ზღვაში აგდებდა ხატებსა ღვთის ინაბარად. აი, ამ დროს პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ გადმოასვენეს კაბადოკიის ანჩის საეპისკოპოზო ტაძარში, მდინარე ჭოროხის ხეობაში. სოფელი ანჩა მდებარეობს შავშეთსა და ლიგანის ხევს შუა ჭოროხის მარჯვენა ნაპირზედ, ქ. ტრაპიზონის მახლობლად. აქ, ქრისტიანობის პირველ დროშივე, მოციქულებმა პეტრემ და მისმა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა, დააარსეს მრავალი ეკკლესიანი. ანჩაში ქართველი ერი ყოველ წლობით იყრიდა თავს სადღესასწაულოდ, მეფეებიდგან დაწყობილი უკანასკნელ გლეხ კაცამდე. 1194 წ. თამარ დედოფალმა რომ რუს-გიორგი განდევნა სამეფოდამ და ზედ თურქები დაამარცხა, რაც კი რამ ძვირფასი ქვა და მარგალიტი დარჩა დავლად, ყველაფერი შესწირა სხვადა-სხვა ეკკლესიებსა ხატების შესამკობლად. ამ დროსვე მოახსენა ანჩის ეპისკოპოსმა იოანემ (რკნაელმა) პირი ღვთის ხატის სამკაულის დაძველება; თამარმა უბოძა საჭირო ნივთეულობა და უბრძანა ხატის საუკეთესო ხელოვნებით მოჭედა. ამ დროინდელი ხუცური ასო მთავრულით წარწერა დღესაც კარგად იკითხება ხატის დაბლა არშიაზედ: "ქ. ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვთივ გვირგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე, იოანე ანჩელმან რკნაელმან ხელვჰყავ საშინელისა ამის ხატის პატივითა მოჭედად. მფარველ-მცველ არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა. მოჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე, შეიწყალე". ამის შემდეგ, რაკი საბერძნეთი დაიპყრეს ოსმალოებმა და მოესივნენ საქართველოს, ყველა საეკკლესიო სიწმინდენი ნელ-ნელა გადმოიტანეს ქართლისაკენ. ხატი ესვენა ახალციხეში, გორში და სოფ. ჭალაში, ამილახვრის იოთამის სახლში. აქ ყოფნის დროს სახსოვრად დღემდე კარგად დაცულია მშვენიერი წარწერა ღვთის-მოყვარე გივი ამილახვრისა: "ჵ სახიერო და სამნათელო სამებაო და ერთარსებაო, მამაო ძისაგან განუშორებელო, და ძეო მამისათანა სწორო და სულო წმინდაო ორთავე შორის ცხოვრებაო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა წამის-ყოფით მაარსებელო და შემოქმედო, - ჩვენ მსასოებელმან და სურვილით თქვენდა მონდობილმან ძემან იოთამ ამილახორისამან, თვით ამილახორმან გივმან და თანა მეცხედრემან ჩვენმან ქართველთა მეფის შაჰნავაზის ასულმან თამარ და ძემან ჩვენმან ანდუყაფარ და დემეტრემ - ოდეს ვიხილეთ ანჩისხატი ჟამთა ვითარებისაგან ქართლში ჩამოსვენებული, მოჰხდა საქმე, რომ ბევრს ხანს ჩვენს სახლში ესვენა და მისის საფარველითა და შემწეობითა მრავალს ძნელს ავადყოფასა და განსაცდელს განვერენით და ვითაც კარები არა ჰქონდა, ვიწადინეთ და კარები მოვაჭედინეთ და გავაკეთეთ, რათა შემწე გვეყოს ორთავე შინა ცხოვრებათა ძით და ასულით ჩვენით. იყოს მადლი და ცვა-ფარვა თქვენი ჩვენზედა. გაკეთდა კარები ესე მეფობასა მეფეთ-მეფისა გიორგისასა, ინდიკტიონსა მეფობისა მეშვიდესა, ქორონიკონსა ტოდ (=1686 წ.) ამისი სარქარი ლოლაძე ბერაუკა, ღმერთმან შეუნდნეს." კარები ხატისა დაძველებული ყოფილა, ჩამოცვივნული და გივს ამილახვარს განუახლებია და ჩამოუკიდნია ხატის კუბოზედ ისე, როგორც დღეს არის. პირი ღვთის ხატს თან მოჰყვა სამცხედამ მღვდელი პეტრე, მესხიევთა წინაპარი. თუმცა თვით ხატის სამკაულიც დაძველე ბული იყო, მაგრამ ამილახვარი მოერიდა მისს განახლებასა. გავიდა სულ ოცი წელიწადი და ხატის განახლება თავს იდვა კათალიკოზ-პატრიარქმა დომენტი III, მეფის ლევანის ძემ. რასაც ხატის კუბოს დაბლა პირზედ წარწერაც მოწმობს. თემურლენგის შემდეგ ოსმალებმა დაიპყრეს მთელი მცირე აზია, 1453 წ. კონსტანტინეპოლი აიღეს და მით დაიმორჩილეს დიდი საბერძნეთის სამეფო. ამის შემდეგ ოსმალებმა თავისი ჯარი ორ ნაწილად გაყვეს: ერთი მიუსიეს დასავლეთის მხარეს, მეორე - აღმოსავლეთისკენ, ე.ი. საქართველოსკენ; აქ დახვდათ ისეთი შეუპოვარი მოწინააღმდეგენი, რომ 1453 წ. შემდეგ ტრაპიზონის მახლობლად, ანჩაში, ისევ ქართველი ეპისკოპოზი იჯდა ორმოც-და-ათი წელიწადი მეტი, და სამცხის ათაბაგნი მბრძანებლობდნენ ასორმოცდა-ათი წელიწადი მეტი. ამ ხნის განმავლობაში ათაბაგებმა ოსმალებს შეალიეს თავისი ძალ-ღონე, მტერი წინ მიიწევდა ნელ-ნელა და ანგრევდა და ანადგურებდა ქართველების ქალაქ-სოფლებსა, წმ. ტაძრებსა. მეტი რაღა ღონე ჰქონდა ერთ მუჭა ქართველობას, ვინც გადარჩა ცოცხალი, რომ ქართლისაკენ არ წამოსულიყო? სამღვდელოება მიიწევდა ნელ-ნელა ახალციხისაკენ და იმერეთისაკენ და თან მიჰქონდა ხატი და ჯვარი, საეკკლესიო სამკაულნი და წიგნები. აი, ამ დროს გადმოასვენეს ანჩიდამ ახალციხეში პირი ღვთის ხატიც სხვა საეკკლესიო სამკაულებთან ერთად. დომენტიმ გორელ ვაჭარს, ამირჯანა ივანგულაშვილს მოატაინა სამცხედამ ათი ხატი - ანჩისა, ნათლის მცემლისა, იოანე მახარებლისა, მთავარანგელოზისა და ექვსი სხვა წვრილი - ორი ათას მარჩილად, ანუ ასოც თუმნათ 1660 წელს. ესე ხატები გორიდან ჯერ ს. ჭალაში ჩაასვენა იოთამ ამილახვარმან თავის სახლში, მეფე როსტომის სიკვდილამდე; დაძველებული კარები პირი ღვთისა განაახლა იოთამის ძემ გივმა ამილახვარმა. აქედგან დომენტიმ დიდის ლიტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. აქ დომენტიმ მშვენიერს კუბოში დაასვენა იმ ადგილს, სადაც დღეს ასვენია; მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა.

ანჩისხატის ისტორია

.: კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას :.

ანჩისხატის ტაძრის ეზო

"ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! ესა არა რაჲ არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე ბჭე ზეცისა".


ანჩისხატის ისტორია
ანჩისხატის ტაძრის ეზო ძველად წარმოადგენდა დიდებულს სანახაობას: აქ იყო უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, აქ იყვნენ თავმოყრილნი საუკეთესო მწერალ-მწიგნობარნი და მგალობელნი, რომელნიც წირვა-ლოცვის შემდეგ თავისუფალ დროს ახმარებდნენ ყრმათა აღზრდა-სწავლებასა, საეკკლესიო წიგნთა გადაწერასა და სხ. აქედგან ეფინებოდნენ საქართველოს ყოველ კუთხეს განსწავლულნი მღვდელნი, დიაკონნი და მეფსალმუნენი-მგალობელნი. ამიტომ ანჩისხატის ტაძარი შეიქმნა პირველი საერო სათაყვანებელი და სალოცავი მთელი ქართველობისა უკანასკნელ დრომდე. ანჩისხატის ეზოში ძველადგანვე გამართული იყო საკათალიკოზო ბინადრობა: სადგომი სახლი კათალიკოზისა სარდაფით ტაძრის კრებულისა და მოხელეთა, სტამბისა, სემინარიისა და სხ. ნიკოლოოზ კათალიკოზმა (1675-1701წ.) დომენტის ანდერძი შეასრულა: დაასრულა განახლება ანჩისხატის ტაძრისა, ააშენა სახლები და მოაწყო ყოველივე საჭიროებით. შემოიკრიბა საუკეთესო მწერალ-მწიგნობარნი, მგალობელნი, ხელოვანნი მხატვარნი: მაგ. მწერალნი და მხატვარი მღვდელნი - საბა, აბელი, მიქელი, პეტრე, რომელთაც გადასწერეს ნიკოლოოზის ბრძანებით მშვენიერი მხატვრობიანი გულანი; ამ მხატვრობის მშვენიერებამ გააკვირვა რუსეთის მეცნიერი პროფესსორი კონდაკოვი. - მათგანვე გადაწერილნი რამდენიმე კონდაკი, და X საუკუნის ორი ტყავზედ (ჯოხზედ დახვეული) ნაწერი ოქროპირის ჟამის წირვა და სხ. მრავალნი ხელნაწერნი დღეს საეკკლესიო მუზეუმში არიან დაცულნი. ყველას ასე ჰგონია, რომ მტერთა შემოსევებისაგან და განსაკუთრებით შაჰ-აბაზისგან რამდენჯერმე აოხრების შემდეგ საქართველოში უნდა გამქრალიყო მწერლობაცა და მხატვრობაცა, მაგრამ კათალიკოზების ქრისტეფორეს, დომენტის და ნიკოლოოზის მეოხებით მწერლობაც და მხატვრობაც ამ დროში წავიდა წინ, ასე რომ, მეთვრამეტე საუკუნეში კათალიკოზის მახლობელნი ორნი საგვარეულონი, მესხიანთი და მაღალაანთი, დიდით-პატარამდე ჩინებულნი მწერალ-მწიგნობარნი და მხატვარნი იყვნენ: დეკანოზები ანჩისხატისა - იოსები, გრიგოლ მხატვარი; დავით კანდელაკი, ალექსი, გიორგი, მიქელ, სოლომონი; სიონისა - მიქელ, იოანე მხატვარი, გიორგი მხატვარი, ნიკოლოზი, ოსე, იოანე ოსეს ძე და სხ., წინ უძღოდნენ მწერალ-მწიგნობრობისა, გალობისა და სტამბის წარმატების საქმესა საქართველოში. მესხიაანთ-მაღალაანთ გვარმა დაიცვეს ჩვენამდე საუკეთესო - გალობა, ხელი წერისა, კილო სახარების და სამოციქულოს კითხვისა. ვის არ ახსოვს შესანიშნავი სახარების მკითხველი ტარასი-არხიმანდრიტი (ქ1874წ.)? ბევრი, ძალიან ბევრი ქართველი მღვდელი და მთავარ-დიაკვანი ცდილობდა მიბაძვასა, მისი კილოთი სახარების კითხვასა. ამიტომაც საქართველოს მეფენი დიდად სწყალობდნენ მესხიაანთ საგვარეულოს და ამხნევებდნენ სწავლა- განათლების გავრცელების საქმეში. საქართველოში ყველგან სახლობდნენ თათარნი და სომეხნი, რომელნიც მუდამ თავის სარწმუნოებისა და გავლენის განმტკიცებასა ცდილობდნენ. ანტონ კათალიკოზი აღიზარდა ანჩისხატის დეკანოზების (დავით, ალექსი, გრიგოლ) ხელში. ამისთანა შესანიშნავი განათლებულნი ეკკლესიის მსახურნი იზიდავდნენ ანჩისხატის ტაძარში არათუმარტო ქართველობას, არამედ სომხობას და თათრებსაც კი. თვით ეზო ტაძრისა მუდამ სიცოცხლით სავსე იყო: თავად-აზნაურობა და სამღვდელოება თავის შვილებს ჩვეულებრივ აქ აბარებდნენ სასწავლებლად. ანტონ კათალიკოზი 1744 წლიდგანვე შეუდგა ყრმათა აღსაზრდელ სკოლების გაუმჯობესობასა, შეადგინა სახელმძღვანელო წიგნები კატეხიზმოსი, გრამმატიკისა, გეოგრაფიისა, ანგარიშისა, ლოღიკისა, ფილოსოფიისა და სხ. ერთ მეკანანახეს (მაღლა ხმით მკითხველი) ოცი და ოც და ათი გადამწერი ესხდა და სწერდნენ სახელმძღვანელო წიგნებსა; საუკეთესო წიგნთა გადამწერნი იყვნენ იმ დროს დეკანოზები სიონისა - ნიკოლოოზ მაღალაძე, იოანე ოსეს ძე; ანჩისხატისა - ალექსი, ამის შვილი გიორგი; ჯვარისმამისა - იოანე გარსევანაშვილი, ისაკ გაბაშვილი, მიხეილ ბერი და სხ. ანტონმა 1 იანვრიდგან 1755 წ. გახსნა ანჩისხატის ეზოში განახლებული სემენარია და სამხრეთის შესავალ კარების მაღლა კედელში ჩასვა მარმარილოს ქვა შემდეგი ხუცურის ასომთავრულის ჩართულის წარწერით: ,,ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! ესა არა რაჲჲ არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე ბჭე ზეცისა". შესაქმე 27.17. (მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა მეფის ერეკლესსა, პატრიარქობასა ანტონისსა 1755 წ. 9 იანვარს. ეს ქვა დაცულია ანჩისხატის ტაძრის სალაროში.) სემენარიაში მრავალი შესანიშნავი საერონი და სამღვდელონი აღიზარდნენ: ვარლაამ მიტროპოლიტი, იონა მროველი, გაიოზ თაყას ძე ბარათაშვილი, ამბროსი ნეკრესელი, დოსითეოს ნეკრესელი, იოანე და გერვასი სამთავნელები, სტეფანე რუსთველი, იოანე ბოდბელი, დოსითეოს ფიცხელაური, ნიკოლოოზ მაღალაძე, იოანე ოსესძე, გამალიელ გამრეკელი, ტრიფილე, ელევთერი, გერონტი სოლაღაშვილი, ილარიონ ვაჩნაძე, იოსტოს ანდრონიკაშვილი, პეტრე ლარაძე, დავით რექტორი, ნიკოლოოზ ონიკაშვილი, გიორგი პაიჭაძე, მღ. ქრისტეფორე ბადრიძე, აბრამ, დავით, ესტატე ციციშვილი და სხ. სტამბაში მუშაობდნენ, ხან მაგიდას ესხდნენ გარემო და ჰსწერდნენ წიგნებსა კანანახით, წირვა-ლოცვის დროს საყდარში გალობდნენ, კითხულობდნენ და ზედმიწევნით სწავლობდნენ საღმრთო მსახურების წესსა და ტიბიკონსა. კვირა-უქმე დღეებში წირვა-ლოცვის დროს გაისმოდა ეკკლესიაში ორმხრივი გალობა, შემუშავებული და განწმენდილი საუკუნოების განმავლობაში კათალიკოზის კარზედ. ქართლ-კახეთის ყოველი მღვდელთმთავარი აქა შოულობდა, როცა საჭირო იყო, მწერალ-მწიგნობარსა და მგალობელსა. ყველამ ვიცით, რომ ძველ დროში ყოველი საგვარეულო, თავადაზნაურთა, თუ სამღვდელოთა - აქ, კათალიკოზის კარზედ, ზრდიდა ერთ-ერთს თავის სახლის შვილსა და ამზადებდა ღვთის მსახურებისათვის, რომ ოდესმე ჰყოლოდა მწირველ-მლოცველი სამღდელო პირი, მომხსენებელი თვისთა და მოყვასთა - მიცვალებულთა და ცოცხალთა. როდესაც მეფე-დედოფალი, ბატონიშვილი, ანუ სხვა წარჩინებული პირი მოვიდოდნენ სემენარიის სანახავად, მოწაფენი მიეგებებოდნენ ხოლმე იამბიკოს ლექსებით, რომელთაც ხელ და ხელ შეადგენდნენ და წარმოსთქვამდნენ. 1791 წ. აპრილში დავით ბატონიშვილს ენახა თელავის სემენარია, რომლის რექტორად იყო დავით ალექსისძე, ანჩისხატის დეკანოზის შვილი. ტფილისში ჩამოსულმა დავით ბატონიშვილმა - ახლა ანჩისხატის სემენარია ინახულა. აქაც, მოწაფეებმა, როგორც თელავში, მოახსენეს ბატონიშვილს ქება იამბიკოებით. მოგვყავს ორიოდე.

დავით მიქელის ძემ:

,,ჩვენ მიერ შესხმა უსრულოჲ, უფერო
მიიღენ ესთა, ვინადგან უმეცარნი,
ჯერეთ უწურთელნი ვიშიშვით წარმოდგომად.
თUით გონებამან, მხედუჱელმან ჩემისამან.
რომელსა შესხმა ჯეროვნად შეუძლოჲ"...
გიორგი მუხრანბატონის ძემ:

,,მიხარის რომელ თქუჵნისა დიდებისა
განვიცდი მრავლად სურვილითა სრულებით,
ჰყოფთ ჩემდა ნათელთ, მოფენითა მდიდრებით
ამით ვიხარებ სწავლის მტილთ დანერგული,
ძეო მაღლისა, ჩემ მონის შენისაო".

ვასილ შიო მღვდლის ძემ:

,,დაემტკიცენინ სახლი ეგე სიბრძნისა,
აღშენებული, ზროდ შენადგი ყოვლადი,
მარად სიმრთელით, უხნოთა საუკუნოდ,
შენთა ყოველთა იხარებდე თანადუჵ
მლოცუჵლნი ეს გუარ ყრმანი
შეგთხზავთ ქებასა" ... და სხ.

სამშობლო ენაზედ სწარმოებდა სწავლა-განათლება და ვერა რაჲჲმე სიძნელე ვერ აბრკოლებდა ქართველ ახალგაზრდობასა შეესწავლა შეგნებით ფილოსოფია და ღვთის-მეტყველება. სამშობლო ენაზე განათლებულნი პირნი აკი მუდამ ზედ გამოჭრილნი მეურნენი იყვნენ ეკკლესიისა და ერისა! აკი თავ-განწირვით უყვარდათ თვისი სამწყსო და სამშობლო მიწა-წყალი!...

1763 წელს სასულიერო გამგეობას დიკასტერია ეწოდა. ამა დიკასტერიის წევრად ითვლებოდნენ ეპისკოპოსნი, არქიმანდრიტნი, დეკანოზნი და მღვდელნი კათალიკოზის აღრჩევით. ანჩისხატის დეკანოზი ყოველთვის დიკასტერიის წევრათ ირიცხებოდა. ყოველი დანაშაული სასულიერო პირთაგან ჩადენილი წინაშე ეკკლესიისა, ანუ საზოგადოებისა, აქ ანჩისხატის ეზოში ირჩეოდა ხოლმე და დამნაშავეს ესაჯებოდა შესაფერი სასჯელი.

მტკვრის პირად კათალიკოზის სახლთან მრავლად იყვნენ წვრილი ოთახები (კელიები) ბერ-მონაზონთათვის საცხოვრებლად. მთელ ეზოში ირგვლივ, სამრეკლოდგან დაწყებული მტკვრის პირამდე, სახლები იყო დამართული. ჯერ ისევ ანტონ I გამართა 1780 წლიდგან მტკვრის პირად კუთხის ოთახში პატარა ჯვარის ეკკლესია, რომელშიაც მიიცვალა კიდეც 1788წ. 29 თებერვალს, სამშაბათ საღამოთი. 27 თებერვალს, კვირას, ანჩისხატის ტაძარში სწირა ტფილელ მიტროპოლიტმა გერმანემ; წირვა რო გამოვიდა, შემოსილმა გაასვენა ბარძიმი კათალიკოზის საზიარებლად. ანტონი მოემზადა წმ. საიდუმლოს მისაღებად: დაიბანა პირი, დაივარცხნა თმა, წვერი, ჩაიცვა კაბა ანაფორა და მაჯის ღილები თითონ შეიკრა. მოხუცებულს გერმანეს გული ამოუჯდა ტირილით, ქვით-ქვითებდა და ვერ მოახერხა ეზიარებინა ავათმყოფი. მაშინ ანტონმა თვით წარმოსთქვა სუსტის ხმით ზიარების ლოცვა ,,მრწამს, უფალო, და აღვიარებ" და თავის ხელით ეზიარა.

1795 წ. ყიზილბაშებმა მიანგრ-მოანგრიეს სახლები ანჩისხატის ეზოში და ანტონი I პატარა ჯვარის საყდარიც.

ძველი სამრეკლოდან დაწყებული ქუჩის პირად სახლებში 1811 წ. სცხოვრობდნენ იულონ ბატონიშვილის ასული თამარ და სოლომონ II მეფის დაჲჲ მარიამ. შემდეგ დარჩათ საკუთრებათ კათალიკოზის სახლთუხუცესის მაღალაძის შთამომავალთ; ამავე ხანებში მაღალაძეებმა შეისყიდეს უგანათლებულესის, გენერალ-ლეიტენანტის ქვრივის(?), კნეინა ბაგრატიონისაგან დანარჩენი სახლიც. 1870 წ. სასინოდო კონტორამ შეისყიდა მაღალაანთაგან ეს სახლები გორის ეპისკოპოსის ბინად. დღეს ანჩისხატის ტაძარი შევიწროებულია ეზოს მხრივ და ,,საეკკლესიო-სამრევლო სამზრუნველო" მეცადინეობს, დაუბრუნოს მას უსამართლოდ ჩამორთმეული ეზო და სახლები.

სპარსთაგან ტფილისის აოხრების შემდეგ (1795 წ. სეკტემბერს 11-13) ანტონ II კათალიკოზმა მალე განაახლა სემენარიაც და სტამბაც, მაგრამ დიდ-დიდნი უბედურებანი და აღრეულობანი ამ დროს დაატყდნენ თავსა საქართველოს ერსა და ეკკლესიასა. ჯერ მიიცვალა მეფე ერეკლე (2 იანვარს, 1798 წ.) და მერე მეფე გიორგიც (27 დეკემბერს, 1800 წ.); რაღაც იდუმალმა მანქანებამ არია ქვეყანა და უიმისოთაც წელში გადაწყვეტილი ერი ქართველთა გონს ვეღარ ეგებოდა. ამ დროს ვიღას ეცალა საეკკლესიო საქმეებისთვის? ანტონ კათალიკოზი განაგებდა საეკკლესიო საქმეებსა როგორც კი იმ დროებას შეეფერებოდა. გაიმართა ენა-ტანიობა, ბეზღობა, ერთმანეთის დასმენა, გაება დაუბოლოვებელი დავი-დარაბა, აიმღვრა წყალი - და ადვილად იჭერდნენ ალალ-მართალ თევზებსა. ამ აურზაურისა გამო ანტონ II იძულებული იყო, გამგზავრებულიყო პეტერბურგისაკენ 10 ივლისს, 1811 წ. და აღარც მობრუნებულა სამშობლოში; ანტონი მიიცვალა ნიჟნი-ნოვგოროდში 1827 წ. დეკემბერში.

ანტონის წასვლის შემდეგ დაცარიელდა ანჩისხატის ეზო, დამცირდა თვით ტაძარიც.

ესრე წარმავალია დიდება ამის სოფლისა! ესრეთ ცვალებადია ყოველი ქმნილი ხელთა კაცთაჲთა!

მაგრამ ძველ ჩვეულებას ვერ უღალატეს და მრავალნი თავად-აზნაურნი და სამღვდელონი ისევ აქ, ანჩის ხატის დეკანოზებს აბარებდნენ თავის შვილებს, ან აქვე, ეზოში აბინავებდნენ.

ანჩისხატის ტაძრის საეკლესიო ნივთები მრავალ საეკკლესიო სახმარებელ ნივთთაგან მაგდენი აღარაფერია დარჩენილი: ჯერ ტფილისის აოხრების დროს (1795 წ.) დაიღუპა, თუ იყო რამე; რაც გადარჩა, გაიყიდა. რაც დღეს არის, ყველაფერი განსვენებულის დეკანოზის დიმიტრი ალექსის ძის მესხის ნაამაგარია.

#1. ტრაპეზის სანაწილე ოქროში დაფერილი ვერცხლისა, ხუთ გუმბათიანი ჯვრებით, ფინიქტის ხატებით და ციმბირის ქვებით. შემოწირულია მოსკოვიდან 1818 წ. საქართველოს უკანასკნელის დედოფლის მარიამისაგან. წონით არის 15 გირვანქა და 3 მისხალი.

#2. ტრაპეზის სანაწილე, ოქროში დაფერილი ვერცხლისა, თავი შაბაქად ნაკეთებია დაუფერავი. შემოწირულია ტფილისის მოქალაქეთაგან დავით და მიხეილ სარაჯიშვილთაგან 1809 წ., წონით არის 2 გირვანქა და 24 მისხალი.

#3. პატარა ვერცხლის, შაბაქათ ნაკეთები კოლოფი წმ. ნაწილების დასაცველი; შემოწირულია ბატონიშვილის ფარნაოზის ასულის სალომესაგან 1858 წ. წონით არის 27 მისხალი.

#4. უბის სანაწილე ვერცხლისა, შემოწირული მოსკოვიდგან დარია სობაკინას მიერ, წონით არის 31 მისხალი.

#1. სახარება ტრაპეზისა, სლავიანური, ოქროში დაფერილი ვერცხლით მძიმეთ მოჭედილი, ზევითა კიდურზე აწერია: ,,საქართველოს მეფის ერეკლეს ასულის ქეთევანისაგან ანჩისხატის ტაძარსა, 1838 წ". ბატონი შვილი ქეთევანი იყო მეუღლე მუხრანბატონის იოანე კონსტანტინეს ძისა. დაიბადა 1764 წ. სექტემბერს. გარდაიცვალა დამბლისაგან 5-7 ივლისს 1840 წ. დაასაფლავეს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. სახარება წონით არის 20 გირვანქა და 9 მისხალი.

#2. ორი ქართული სახარება, დაბეჭდილნი მოსკოვში მთავარეპისკოპოსის იოსებ სამებელისაგან 1738 წ. (ქობულის ძე ქ 1750 წ. სეკტემბერში); ორივე შეჭედილი ვერცხლით, ერთი ოქროში დაფერილია.

#3. ტრაპეზის სახარება ქართული, ოქროში დაფერილი ვერცხლის ხატებით ყდაზედ ორივე მხრივ.

#4. პარაკლისის სახარება, სლავიანური, ოქროში დაფერილი ვერცხლის ხატებით ყდაზედ.

#1. ტრაპეზის ჯვარი, ლურჯი ფინიქტებით, ზურგზე ხუცური ასომთავრული წარწერით: ,,შეიწირა 1812 წ. 11 მაისს. შეიწირე, პირო ღვთისაო, სახსრად სულისა გარდაცვალებულის მეფის ძის თეიმურაზის ძიძის ანასსა, რომლისა სძისა ფასითა მოისყიდა". წონით 1 გირვანქა და 6 მისხალი.

#2. ვერცხლის ჯვარი, შემოწირული მეფის ერეკლეს ძის იულონისაგან 1812 წ. მოსკოვიდგან.

#3. ვერცხლის ჯვარი ოქროში დაფერილი, შემოწირული დავით და მიხეილ სარაჯიშვილთაგან 1809 წ. წონით 1 გირვანქა და 15 მისხალი.

#4. ოქროში დაფერილი ვერცხლის მომცრო ჯვარი, წონით 23 მისხალი.

#1. ბარძიმი ვერცხლისა ოქროში დაფერილი, ფეხის ძირზედ გარს მხედრული წარწერით: ,,ქ. საუფლოსა ხატსა ღვთისასა შეწირულ არს ბარძიმი ესე. მოიხსენე უფალო მეფის ძე უღირისი გიორგი და მეუღლე მისი მარიამი, ძენი და ასულნი მათნი". ეგრეთივე წარწერაა ფეშხუმის ძირზედაც. ბარძიმი არის წონით 3 გირვანქა და 12 მისხალი, ხოლო ფეხშუმი, ვარსკვლავი და კოვზი 1 გირვანქა და 54 მისხალი. შემოწირულია 1795 წ. სპარსთაგან აკლებისა გამო.

#2. ბარძიმი ვერცხლისა ოქროში დაფერილი, ფინიქტებით გარს ციმბირის ქვებით, შემოწირულია 1827 ტფილისის მოქალაქის გიორგი ქეთხუდოვისაგან, ბარძიმი არის წონით 2 გირვანქა და 18 მისხალი; ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, განსაზავებელი და პატარა თეფში 1 გირვანქა და 55 მისხალი.

#3. ბარძიმი ვერცხლისა, ოქროში დაფერილი, ფინიქტებით გარს ციმბირის ქვებით, შემოწირულია 1840 წ. მეფის ძის იულონის ასულის თამარისაგან (ქ 6 ოქტომბერს 1857 წ. შობითგან 63 წლისა) ბარძიმი არის წონით 1 გირვანქა და 51 მისხალი; ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი. 2 თეფში 1 გირვანქა და 18 მისხალი.

#4. ბარძიმი ვერცხლისა, შიგნით დაფერლი ოქროთი. წონით 1 გირვანქა და 80 მისხალი; შემოწირულია დარია საბაკინასაგან; ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, განსაზავებელი და 2 თეფში - 2 გირვანქა და 62 მისხალი.

#5. ბარძიმი ვერცხლისა, ოქროში დაფერილი, შემოწირულია კათალიკოზ-პატრიარქის ანტონი მეორესაგან 1809 წ. წონით 2 გირვანქა და 24 მისხალი; ფეშხუმი, ვარსკვლავი და კოვზი 1 გირვანქა 54 მისხალი.

#1. განსაზავებელი ვერცხლისა გარს წარწერით: ,,შემოგწირე პირის ღვთის ხატსა განსაზავებელი ესე სფრიდონ სიმონოვიჩმა 16 სეკტემბერს 1861წ".

#2. ორი თეფში ვერცხლისა, ოქროში დაფერილი, შემოწირულნი მეფის ძის იულონისაგან, წონით 3 გირვანქა და 12 მისხალი.

#1. საცეცხლური ვერცხლისა, ახალი, წონით 88 მისხალი.

#2. საცეცხლური ვერცხლისა, შემოწირული კათალიკოზ-პატრიარქის ანტონ მეორესაგან 1809 წ. წონით 1 გირვანქა და 13 მისხალი.

#3. საცეცხლური ვერცხლისა წონით 94 მისხალი.

#1. სამ-სანთელი ვერცხლისა, ოქროში დაფერილი, წონით 2 გირვანქა და 15 მისხალი.

#2. ორ-სანთელი, ვერცხლისა ოქროში დაფერილი, წონით 1 გირვანქა და 79 მისხალი.

#1. კანდელი ვერცხლისა, ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ, შემოწირულია ელიოზოვისაგან, წონით 90 მისხალი.

#2. კანდელი ვერცხლისა პირი ღვთის ხატის წინ, შემოწირული კნეინა ორბელიანისაგან, წონით 30 მისხალი.

#3. კანდელი ვერცხლისა, მიხეილ ბუჭყიევისაგან შემოწირული, წონით 1 გირვანქა და 46 მისხალი.

#4. ვერცხლის კანდლის ძირი, შემოწირული კნეინა ეკატერინე იაკინთეს ასულის ბაგრატიონ-მუხრანსკისაგან.

#5. საიაზმე თასი ვერცხლისა, შემოწირული 1842 წ. იმერთა მეფის სოლომონის დის, მარიამისაგან, მალხაზ ანდრონიკაშვილის ქვრივი, წონით 3 გირვანქა და 45 მისხალი.

#6. ვერცხლის ჩარექა, შემოწირული მისგანვე, წონით 100 მისხალი.

#7. ვერცხლის ჩარექა, შემოწირული იულონ ბატონიშვილის მეუღლის სალომესაგან, რევაზ ამილახვარის ასულისაგან, წონით 78 მისხალი.

ხატები:

#1. პირი ღვთის ხატი.

#2. ღვთისმშობლის ხატი.

#3. კვირაცხოვლისა, ფიცარზედ ძველი ქართული მხატვრობისა. ვერცხლის გვირგვინი აღარა აქვს. სიგრძით 101/2 და სიგანით 71/2 გრე.

#4. ღვთისმშობლისა, ფიცარზედ, ქართული მხატვრობისა, ოქროში დაფერილი. ვერცხლით შეჭედილი, მარჯვენა მხარეზედ და შუბლზედ ღვთისმშობელს აქვს დაკრული წითელი და თეთრი იაგუნდებისაგან შემდგარი ვარსკვლავები; იესო ქრისტეს შუბლზედ წითელი მომსხო იაგუნდი უზის. სულ 19 წითელი, 11 თეთრი იაგუნდია, 1 მწვანე და 1 წითელიც უბრალო ქვებია. ამ ხატით დალოცა ერეკლე მეფემ 1781 წ. ახლად ჯვარდაწერილი თავისი რძალი მარიამ, ვახტანგის (ალმასხანის) მეუღლე, რომელმაც შესწირა ანჩისხატის ტაძარს, სიგრძით 71/3 და სიგანე 57/8 გრე.

#5. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ფიცარზედ, მშვენიერი ძველი ქართული მხატვრობისა. სიგრძე 101/2 და სიგანე 7 გრე, ვერცხლის გვირგვინით; შემოწირულია ეფემია იასე ელიოზოვის ასულის მორთულაძისაგან 12 იანვარს 1898 წ.

#6. ღვთისმშობლისა ფიცარზედ, ოქროში დაფერილის ვერცხლის გვრიგვინით, რუსული XVII ს. მხატვრობისაა 8+6 გრე.

#7. წმ. დავით და კონსტანტინე არგვეთელთა, ფიცარზედ ოქროცურვილი ვერცხლის გვირგვინებით და გარს არშიით. 7+6 გრე.

#8. მაცხოვრისა ფიცარზედ, ოქროცურვილი ვერცხლით გადაკრული, რუსული ხელოვნებისა. შემოწირული კნეინა ბარბარე ანდრიას ასულის ავალიშვილისაგან. 6×5 გრე.

#9. იოანე ნათლის მცემლისა ფიცარზედ ოქრო ცურვილი ვერცხლი გადაკრული, რუსული ხელოვნებისა. შემოწირულია დიმიტრი ბუჭყიაშვილის სულის მოსახსენებლად. 4+31/4 გრე.

#10. ღვთისმშობლისა, ოქროცურვილი ვერცხლით გადაკრული, რუსული ხელოვნებისა. შემოწირულია ნინო მარკოზოვის სულის მოსახსენებლად, 5×4 გრე.

#11. ღვთისმშობლისა, ოქროცურვილი ვერცხლით გადაკრული; რუსული ხელოვნებისა, შემოწირულია კნეინა ბარბარე ანდრიას ასულის ავალიშვილისაგან, 4×31/4 გრე.

#12. სამებისა ფიცარზედ, რუსული მხატვრობა, 9×7 გრე.

#13. ღვთისმშობლისა ,,ნუ მტირ მე, დედაო", ფიცარზედ, ქართული ძველი მხატვრობა, ფრიად შესანიშნავი 7×6 გრე.

#14. ივერიის ღვთისმშობლისა, რომლისაკენ წმ. გაბრიელ ქართველი მიმავლობს (ზღვაში) ათონის ივერიის ლავრაში მოსასვენებლად.

#15. ღვთისმშობლის ფიცარზედ, ვერცხლის გვირგვინით; ძველი ქართული მხატვრობა 4×3 გრე.

#16. პირი ღვთის ხატი (ფინიქტი) ფიცარში ჩასმული ნაწილებით ზომით 11/4 გრე.

ფრიად საინტერესოა ამ ხატის თავგადასავალი. ეს პატარა ხატი წმ. ნაწილებით სავსეა და ნაქონია დომენტი III კათალიკოს-პატრიარქისა (1705-1723 წ. 1738-1742 წ.), რომელსაც რუსეთში აჩუქა დარეჯანმა; უკანა ზურგის ფირფიტა-ფიცარი მოძრავი აქვს. ამ ფირფიტას რომ გამოსწევთ, თქვენ ხედავთ ძველს ქაღალდს უჯრებათ დახაზულს და შიგ უჯრებში წარწერებით, რომელნიც წმ. ნაწილების სახელებს აღნიშნავენ ასე. დომენტიმ უანდერძა ეს ხატი ანტონ I; მის შემდეგ დარჩა ანტონ II კათალიკოზს, რომელმაც 1811 წ. ივლისის 10 სხვა მრავალ ქონებასთან ეს პატარა ხატიც თან წაიღო რუსეთში. ამ დროებში ქ. სიღნაღის მახლობლად, ს. ვაქირში ცხოვრობდა ახალგაზრდა გლეხი, სიმონ ერიაშვილი, დიდი მორწმუნე და მონატრე ეკლესიაში სამსახურისა. მაგრამ ნათლისმცემლის საყდრის კრებულმა აითვალწუნეს - შენ აქ რა ხელი გაქვსო. გულ-ჩათუთქული სიმონი გამოეშურა ტფილისისაკენ ბედის საცდელად. მოვიდა ანჩის-ხატის ეზოში და ელდა ეცა - კათალიკოზი ანტონ II უკვე წასული იყო რუსეთში. დაიწყო სიარული და კითხვა-კითხვით მიაგნო ნიჟნი-ნოვგოროდში კათალიკოზის ბინას. შეეხვეწა კათალიკოზს - ეკლესიის სამსახური მწადიან და ხელი მომიმართეო. ანტონმა მიაბარა იქვე სემენარიაში და როცა სიმონმა სწავლა შეასრულა, ესტატე ციციშვილის (რომელიც იყო სიძე ერეკლე მეფისა, მეუღლე მარიამისა, ანტონს სახლთუხუცესად ჰყვანდა) რჩევით მღვდლად ეკურთხა. კათალიკოზმა ანტონმა სიკვდილის ჟამსა თავისი მხლებელნი ყველანი დაასაჩუქრა, დალოცა და გამოეთხოვა ცრემლით. ეს პატარა ხატი აჩუქა სიმონ მღვდელს ერიაშვილს და დაავალა სამშობლოში დაბრუნებულიყო. აასრულა კიდეც: აარონ დეკანოზი (მესხი), დანიელ მღვდელ-მონაზონი და სიმონ მღვდელი ერთად მოვიდნენ საქართველოში. ჭაღარა შერეული სიმონი მივიდა ვაქირში 1832 წელში და აბა, ვიღა იცნობდა? სიმონი დანიშნეს ქრისტიანობის მქადაგებლად ლეკებში და 1851 წელში მიიცვალა. ეს პატარა ხატი, სხვა ქონებასთან, დარჩა სიმონ მღვდლის ერთად-ერთ ქალს ანას (ცოლი მღ. იოანე ხატიაშვილისა), რომელმაც აჩუქა თავის მამიდა შვილის შვილს ტრიფონ ივანეს ძე ჯამასპიშვილს. ამ უკანასკნელმა კი ეს წმ. ხატი შემოსწირა ანჩისხატის ტაძარს 1901 წ. იანვრის 25.

#17. პირი ღვთის ხელით-უქმნელი ხატი კაკლის ფიცარზედ, მშვენიერი ძველი ქართული მხატვრობა. ოქროში დაფერილ ვერცხლშია შეჭედილი გვირგვინით 1901 წ. 1 აპრილს. სიგრძე-სიგანით 5×4 გრე.

#18. ძელი ჭეშმარიტი და სხ. ნაწილები ქართული ძველი ხელოვნების ოქროს ჯვარში, რომელიც ახალი ხელოვნების ვერცხლის კოლოფში ზის. კოლოფი არის სიგრძე-სიგანით 2×11/2 გრე, ვეცხლის ყელსაკიდი ძეწკვით. თვით ჯვარი არის სიგრძე-სიგანით 13/4×1 გრე. ჯვარის ზევითა პირი შემკულია ძვირფასის ქვებით: შუაზედ დიდი მოგრძო სეილანი უზის, რომელსაც, აქეთ-იქით და ზევიდამ სამი ფირუზი უსხედს; მაღლა-დაბლა ექვსი იაგუნდი და ორი მარგალიტი; მაღლა ჯვრის თავშიაც ორი მარგალიტი. ზევითა პირი ჯვარისა ქვებიანათ აიხდება და მნახველი დაინახავს ძელი ჭეშმარიტის ნაწილს და წმინდათა ნაწილებს - ძვლებს: წმ. გიორგისას, ბარბარესას, სტეფანესას და სხ. ძველად ყოველ წარჩინებულს ოჯახს ჰქონდა ამისთანა გულზედ სატარებელი ნაწილებიანი ხატები, თვით მეფეებსაც კი, და ომში მიმავალს ამ ხატით დალოცავდნენ ხოლმე ოჯახის წევრნი. როგორც ანჩისხატის ტაძრის ძველი ქონების სიიდგან ჰჩანს, ეს ძელი ჭეშმარიტი შემოწირულია თ. იასონ ჭავჭავაძისაგან.

#19. ოქროში დაფერილი ვერცხლის კოლოფი შიგ წმ. ნაწილებით. სიგრძე-სიგანით 11/8 ×3/4 გრე, ვერცხლის ყელსაკიდი ძეწკვით. კოლოფში ასვენია პატარა კვიპაროზის ჯვარი წმ. ნაწილებით - წმ. მარინესი, გიორგისა, დიმიტრისა, ევსტათისა; შემოწირულია მეფე ერეკლეს ძის მირიანისაგან 1812წ.

#20. გარდამოხსნა ნაკერია წითელ ხავერდზედ ოქრომკედით, რუსული ხელოვნებისა; ნასყიდია მოსკოვში, 1864 წელში 245 მანეთათ.

ანჩისხატის ტაძარს ამშვენებენ ხუთი დიდი სასანთლე - 1 პირი ღვთის ხატის წინ, 1 ბეთანიის ღვთისმშობლის ხატთან, ორი ამბიონს აქეთ-იქით, მეხუთეც გარდამოხსნის წინ. იგინი გამოუწერია განსვენებულს დიმიტრი დეკანოზს 1857 წ. 900 მან. ამავე ხანებში დაუდგამს ახალი კანკელი განსვენებულს დეკანოზსვე 2230 მან. და მეხისაგან გატეხილი დიდი ზარი ხელ-ახლად ჩამოუსხმევინებია 325 მან.

ამბიონის წინ, 24 სანთლიანი მშვენიერი ბროლის ხომლი, ნასყიდი 250 მან. შემოწირულია ტფილისის მოქალაქის იაგორ მარტინის ძე აკოფოვისაგან 1896 წ.

ჩამოთვლილი ქონებიდან დღეს ანჩისხატის ტაძარში, სამწუხაროდ, აღარაფერია დარჩენილი, ხოლო ანჩისხატის კარედი ზემოთ აღწერილი მარგალიტებისა და ძვირფასი ქვებისაგან გაძარცვულია. აღსანიშნავია, რომ 1921 წლის საეკლესიო კრების ოქმის მიხედვით, ხელითუქმნელი ანჩისხატის აღწერისას ამ ძვირფას თვალთა უმრავლესობა ადგილზე იყო.

წარწერა ანჩისხატის კარედზე ადასტურებს მის ხელითუქმნელობას

ანჩისხატის ისტორია

კათალიკოზ-პატრიარქის დომენტი III წარწერა ხატის კუბოს დაბლა პირზედ:

"ქ. ადიდენ ღმერთმან კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი, რომელმან განაახლა ხატი ესე ჴელით უქმნელი. პირველად ედესიიდგან კონსტანტინოპოლეს წარმოესვენებინათ და ოდეს ლეო ისავრო და სხუანი ხატთ-მბრძოლნი გამოჩნდნეს, მას ჟამსა მუნიდგან წარმოესვენათ და დაესვენათ კლარჯეთს, საეპისკოპოზოსა საყდარსა ანჩისასა. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა მეფეთ მეფის თამარისითა იოანე ანჩელს პატიოსნად მოეჭედა და ოდეს გათათრდა სამცხე, მაშინ აღსრულ იყო ტფილისისა ვაჭარი და ეყიდა ფასითა და მიესვენებინა ბიძისა ჩვენისა კათალიკოზ-პატრიარქის დომენტისათვის და მას ძვირფასად ეყიდა და დაესვენა ტფილისს საყდარსა საკათალიკოზოსა, მეფობასა პაპისა ჩვენისა მეფის ვახტანგისსა. მას აქეთ დიდად დაძველებულიყო ხე და მოჭედილობა. ჩვენ მეფეთა შარავანდედმა ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზ-პატრიარქმან დომენტი კვალად განვაახლე და მოვჭედე გული და კუბო და შევმატე თვალი და მარგალიტი. ქრისტე ღმერთო, შემინდევ ყოველნი ცოდუანი ჩემნი, სატანჯველისა და ყოველთა მტერთა ხილულთა და უხილავთაგან მიხსენ და შემრაცხე მარჯვენით შენსა და დაიცევ მეფე მეფეთა საქართუჱლოსი პანკრატოვანი ვახტანგ და მეუღლე მათი დედოფალი რუსუდან, ძენი მათნი ბაქარ და გიორგი და ასულნი მათნი ყოველნივე იხსენ განსაცდელთაგან, ამინ. ქორონიკონსა ტჟგ წ. "კვალად განახლებულ-იქმნა სიძველისა გამო კუბო ესე მაცხოვრისა ჩყკგ წ. ქორონიკონსა ფიგ."

ანჩისხატი - ნამდვილი ედესიის ხატი

პირი ღვთისა ანჩისხატი, უაღრესი სიწმიდეა მთელი ქრისტიანობისა. ვინც დააკვირდება, შენიშნავს, რომ სახე მაცხოვრისა ტილოზედ არის გამოსახული და ფიცარზედ დაკრული. ტილო კი ისე ცხადათ სჩანს, რომ შუბლზედ და ლოყებზედ ქსოვლობა, ძაფების ორმობადები ეტყობა; შუბლისგარემო, მარჯვნივ ხომ პირდაპირ სჩანს ტილოს ნაპირი.

რუსულს ენაზედ გამოცემულს აღწერაში მე გამოვსთქვი აზრი, რომ პირი ღვთის ხატი არის ნამდვილი ედესიის ხატი-მეთქი. ამის საბუთად მომყავს: ა) რომ ძველთაგანვე ქართველი ერი უწოდებს ამ ხატს პირი ღვთის ხატსა; ბ) რომ დღესასწაული ამ ხატისა იმ თავითვე სრულდება ყოველ წელიწადს 16 აგვისტოს, ე.ი. სწორედ იმ დღეს, რომელიც პირველშივე ედესიიდგან კონსტანტინეპოლში მოსვენებულს ხელით უქმნელს ხატს დაუწესეს წმ. მამებმა სადღესასწაულოდ; გ) ქართველთ წმ. მამათა შეუდგინეს საკუთარი საგალობლები ანჩისხატს, როგორც პირი ღვთის, ხელითუქმნელს ხატსა (მაგ. ამ წიგნაკთან დაბეჭდილი სავედრებელი პარაკლისი და სხ. მრავალნი.); დ) საქრისტიანო საზოგადო გარდმოცემით ხელითუქმნელი ხატი საბერძნე¬თიდამ გადმოტანილია და იმყოფება საქართ¬ველოში. (იხ. Èçîá. æèò. ñâÿò. À.Í. Áîõìåòüåâîé, Àâãóñòú 51-56 ñòð.)

ახლა კი უფრო თან-და-თან მტკიცდება, რომ ანჩის ხატი არის ნამდვილი ედესიის ხელითუქმნელი ხატი. ა) კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი ზემოთ მოყვანილ წარწერაში მოგვითხრობს, რომ საბერძნეთში რაკი ხატთა თაყვანის ცემას დევნა დაუწყეს იმპერატორის ლეო ისავროს დროდგან, ხელითუქმნელი ხატი კონსტანტინეპოლიდგან კლარჯეთის სა-ეპისკოპოსო ტაძარში გადმოასვენესო და იქიდგან აქ, ტფილისში მოასვენესო. თუ რომ კათალიკოზ-პატრიარქს დომენტის საბუთები არა ჰქონოდა, განა გაბედავდა ამისთანა ცნობის თქმასა? რასაკვირველია, არა. კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი III ფრიად განათლებული პირი იყო, ძმა განათლებულის მეფის ვახტანგ მეექვსისა და მის ხელთ იყო ჯერ დიდი საპატრიარქო წიგნთსაცავისვეტისცხოვლის ტაძრისა და მერე მდიდარი სამეფო წიგნთ-საცავი. დომენტის მოვლილი ჰქონდა იერუსალიმი, საბერძნეთი, რუსეთი და სხ. ქვეყნები.

დღეს ჩვენს საეკკლესიო მუზეუმში დაცულია რამდენიმე ხელნაწერი, რომლებშიაც მოთავსებულია მოთხრობანი და საგალობელნი ხელითუქმნელის (ანჩის) ხატისა. ერთს მათგანში (#425, 625გვ.) პირდაპირ ვკითხულობთ: "ივ. აგვისტოსა წარყვანებაჲ ედისიიდგან კონსტანტინეპოლედ ხელითუქმნელისა ხატისა, რომელსა ჩვენ ანჩის ხატად სახელ-ვსდებთ". ზედ მოსდევს ანჩის ხატის ტროპარი. ხელნაწერი გადაწერილია მეშვიდმეტე საუკუნეში ძველი ხელნაწერიდგან, ჩამოტანილია მცხეთის სვეტის ცხოვლის ტაძრიდგან და, უეჭველია, ხელში ექნებოდა კათალიკოზ-პატრიარქს დომენტის. ამას გარდა, საბუთად მიგვაჩნია ამა ხელითუქმნელის ხატის სინამდვილისა ის გარემოებაც, რომ თამარ დედოფალზედ გაცილებით უწინ ყოფილა ეს ხატი ანჩაში, ქართველების ხელში. ამას ამტკიცებენ ოთხი ნაჭერი ვერცხლისა უძველესის (ქართული) ხუცური ასო მთავრული წარწერებით, რომელნიც განახლების დროს აქა-იქა, უალაგო-ალაგას დაუკრავთ კუბოს თავზედ. ეს ამტკიცებს, რომ თამარ-დედოფლამდე ანჩისხატი უწინვე ყოფილა შეჭედილი ვერცხლით და მხოლოდ დაძველებული შეჭედილობა განუახლებია. ანჩის საეპისკოპოსო ტაძრის სალაროს ძვირფას საუნჯეთაგან ჩვენამდე მოაღწია ერთმა სამღვდელთ-მთავრო ომფორმა და ერთმა ოლარმა. დღეს ორივე ესე ნივთნი დაცულ არიან სამეგრელოში, ცაიშის ტაძრის სალაროში. ოლარი ეკუთვნის 1312 წ. და ილორის კრეტსაბმელთან ერთად ქართველ ქალთა ხელთნაქმარობის უძველეს ნაშთად ირიცხება.

აი, წარწერანი. ოლარზედ, მარჯვნივ: "ანჩის ხატს და საყდარსა მისსა მოვახსენე და შევწირე წმიდა ესე ოლარი და დაუდევ ანჩელსა ეპისკოპოზსა მე თამარ PერPემლის ძისჲ ასულმან სალოცავად სულისა ჩემისათვის და, რაოდენნიცა ებისკოპოზნი იPმარებდეთ, ლოცვასა მომიხსენებდეთ". მარცხნივ: "ღმერთო აQმარე ესე ოლარი ანჩელს იოანეს და შემდგომთა მისთა მღვდელთ-მთავართა სათნოდ შენდა მწყმსობასა შინა. ქორონიკონსა ფლბ (=1312წ.)"

ომფორზედ: "ქ. საშინელო ხატო ანჩისა! შეიწირე მცირე ესე ომფორი დედოფალთ-დედოფლისა ნათელისი, ძისა დიდისა სულკურთხეულისა ამირსპასალარისა და სამცხის სპა¬სალარისა ყუარ¬ყუარესი აქა და საუკუნესა. ამინ. ანჩელისა თეოფანესთვის შეკერული".

ყველა ამ ზემო მოხსენებულ მოსაზრებათა გამო ეჭვს გარეშეა, რომ ანჩის ხატი არის ნამდვილად ედესიიდგან კონსტანტინეპოლში გადასვენებული და იქიდგან ანჩაში საიდუმლოდ მოსვენებული ხელითუქმნელი პირი ღვთის ხატი.

ნუ სცთებით ღუთისმბრძოლნო ჩუენდა მომართ. დაღაცათუ ხელით უქმნელ არს, საშინელი ესე ბეჭედი"

ანჩისხატის ისტორია

1902 წლის შემდეგ, რაც პოლიევკტოს კარბელაშვილმა თავის წიგნში "ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში" აღწერა მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატის ის რეალური ისტორია, რომელიც როგორც ზემოთ ვნახეთ, ხატის წარწერებზე, ისტორიულ წყაროებზე და ეკლესიურ გადმოცემებზე არის დაყრდნობილი. მას შემდგომ განვლო სულ ოციოდე წელმა და საბჭოთა რუსეთმა ჩვენი სამშობლოს ანექსია მოახდინა. შემდგომ თავებშიც ნახავთ, თუ რა მძიმე დრო დაუდგა ქართულ ეკლესიას: ხელისუფლება ჩქარობდა ეკლესია-მონასტრებიდან ვერცხლისა და ოქროს ხატების, ბარძიმ-ფეშხუმების, საწინამძღვრე ჯვრების გამოტანას და გაყიდვას. ამისათვის შექმნეს გარკვეული საკანონმდებლო ბაზა. 1923 წლის 23 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება საეკლესიო განძეულობის გამოყენების შესახებ, სადაც მითითებული იყო: ,,1. დახურული ეკლესიების მთელი საეკლესიო ქონება არის ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტების განკარგულებაში; 2. ამ ქონების ის საეკლესიო განძეულობა, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ, დაცული იქნას სახალხო განათლების სამუზეუმო დაწესებულებათათვის გადასაცემად;" აი, ამ პერიოდში, 1929 წელს მაცხოვრის ხელითუქმნელ ხატს უხეშად ახადეს პერანგი.

1929 წლის შალვა ამირანაშვილის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაში (შ. ამირანაშვილი. ბექა ოპიზარი. 1937 წ.) ბევრი ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებია გადმოცემული, რომელიც არანაირ ისტორიულ წყაროს არ ეფუძნება. ისინი ეყრდნობიან მხოლოდ 1926 წლის ქიმიური ანალიზის შედეგებს, სადაც ამ ექსპერტიზის მიხედვით ადგენენ თითქოსდა ხატი VI ს-ში ენკაუსტიკის წესით იყოს შესრულებული.

"ანჩისხატის ფრაგმენტის შესწავლა არკვევს, რომ ჩვენ გვაქვს აქ წმინდა ენკაუსტიკური მხატვრობის ნაწარმოები. მიუხედავად დაზიანებისა, მხატვრობის ზედაპირს შერჩენილი აქვს ყველა ის ნიშანი, რაც წმინდა ენკაუსტიკური წესით შესრულებულ მხატვრობას ახასიათებს. ქიმიური ანალიზი, ხსენებული მხატვრობის ერთი მცირეოდენი ფრაგმენტისა, რომელიც შესრულებული იყო 1926 წ., ადასტურებს ჩვენს დაკვირვებას."

საყურადღებოა რომ, 1926 წლის ექსპერტიზის ცნობა ადგილზე არ აღმოჩნდა. აღარ ვლაპარაკობთ იმ პერიოდის ექსპერტიზის სიზუსტეზე. ანდა, იმ უღმერთობის პერიოდში ვის უნდა ეღიარებინა უფლის სასწაული.

ბ-ნი შ. ამირანაშვილი თავისი მტკიცებულების წინააღმდეგობაში ვარდება, როდესაც ჯერ ამბობს ხატზე, "ძეგლი იმდენად დაზიანებულია, რომ არ გვაძლევს საშუალებას უფრო ზუსტად და კონკრეტულად გამოვსთქვათ აღნიშნული დებულება." ხოლო შემდგომ იქვე წერს, რომ ძეგლი წარმოადგენს ენკაუსტიკას. თუმცა აქაც ბოლომდე არ არის დარწმუნებული:

"ენკაუსტიკური მხატვრობის ძეგლების შესწავლა ადგენს აგრეთვე, რომ ფიცარი წინასწარ იფარებოდა რომელიმე ფერით, რომელიც წარმოადგენდა ფონის ფერსაც; ხშირად ეს ფერი შესრულებული იყო ტემპერით. ხოლო ცვილოვანი ტემპერის ტექნიკის დროს ყოველთვის ფიცარზე წინასწარ გაკეთებული იყო საგანგებო გრუნტი, რომელიც შესდგებოდა წებოსა და ცარცისაგან. ანჩისხატის მაცხოვარს ასეთი გრუნტი არ ქონია. სამაგიეროდ, ასეთი გრუნტი აქვს წილკნის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც ნაწერია ცვილოვანი ტემპერით და თავისი მხატვრული ღირსებით წარმოადგენს დაზგური მხატვრობის მეტად საყურადღებო ნიმუშს."

ეჭვს იწვევს ისიც რომ, ენკაუსტიკური მხატვრობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა ფერის შენარჩუნება რაც თვალნათლივ ჩანს ზემოხსენებულ წილკნის ღვთისმშობლის ხატის შემთხვევაში, რასაც ვერ ვიტყვით მაცხოვრის ხელითუქმნელ ანჩისხატზე.

ბ-ნი შალვა ამირანაშვილი არც იქ არის მართალი, როდესაც დომენტი III-ს წარწერის შინაარსში და პ. კარბელაშვილის მოწმობაში შეაქვს ეჭვი. ნათელია, რომ "ოდეს ლეო ისავრი და სხუანი ხატთმბრძოლნი აღმოჩნდნენ, მას ჟამსა მუნითგან წარმოესვენათ და დაესვათ კლარჯეთს საეპისკოპოსოსა საყდარსა ანჩისასა". აქ დომენტი კათალიკოზი ლეო ისავროსს მოიხსენიებს, როგორც ხატმებრძოლობის აღმძვრელს, "ხოლო სხვანი ხატმბრძოლნი" მოიცავს გარკვეულ დიდ პერიოდს, რომელიც უნდა ვიგულისხმოთ დაწყებული ხატმებრძოლეობის დასაწყისიდან (717 წ.) დამთავრებული კონსტანტინოპოლში ჯვაროსნების შემოსვლით (1204 წ.). რადგანაც ხატი იდუმალ იყო გადასვენებული ანჩაში, არ არის გამორიცხული რომ ხატის ადგილმდე ბარეობა გარკვეულ პერიოდში უცნობი იყო, რის მაგალითებსაც ხატების ისტორიაში ხატმებრძოლობის ჟამს მრავლად ვხვდებით.

შალვა ამირანაშვილი ვერ უარყოფს ხატის წარწერის ჭეშმარიტებას და იმეორებს დომენტი კათალიკოზის სიტყვებს, რომ ხელითუქმნელი ხატი ედესიიდან კონსტანტინეპოლეს და კონსტანტინეპოლიდან ანჩაშია გადაბრძანებული. თუმცა უსაფუძვლოდ იმასაც ამატებს რომ, ეს არის არა ის ავგაროზისეული ხატი, არამედ მისი ასლი. ეს ცრუ მტკიცება არანაირ წყაროზე არ არის დაყრდნობილი.

აი, რას ამბობს იგი: "ამიტომ, შესაძლებელია, რომ მართლაც, ბიზანტიაში ხატების თაყვანისცემის დევნის დროს... მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატის იკონოგრაფიული ტიპის ერთ-ერთი ნიმუში, რომლის იკონოგრაფიული ტიპი შემუშავდა და მომდინარეობს უეჭველი ედესიიდან, გადმოეტანათ დასავლეთ საქართველოში."

შალვა ამირანაშვილი ვერ უვლის გვერდს მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატის ისტორიას და თავადვე წერს:

"წერილობითი წყაროები და ხატის წარწერები ერთხმად მოწმობენ, რომ მაცხოვრის ხატი წარმოადგენს ,,ხელითუქმნელ" ხატს, რომელსაც ეწოდება ,,ხატი განკაცებისა", ,,პირი ღმრთისა", ედესის ხატი" და სხვ. გადმოცემის თანახმად, აღნიშნული ხატი წარმოადგენს ედესის მაცხოვრის განთქმულ ,,ხელთუქმნელ" ხატს ტილოზე ანუ მანდილზე დახატულს, რომელსაც ეწოდებოდა ,,ხატი მანდილისა". გადმოცემის და წერილობითი წყაროების მოწმობით, ანჩისხატის მაცხოვარი უნდა წარმოადგენდეს იკონოგრაფიულად მაცხოვრის კარგად ცნობილს, განსაზღვრულ ტიპს."

1825 წელს მეფის რუსეთის პერიოდში უხეშად დაირღვა იკონოგრაფიული სახე მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატისა:

"მოჭედილობის ახდის დროს აღმოჩნდა, რომ მხატვრობაზე, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც მოჭედილობაში დატოვებული იყო მაცხოვრის სახის გამოსაჩენად, დაკრული იყო ზემოდან ტილოსა და მოჭედილობას შუა მოთავსებული ღრუ ამოვსებული ყოფილა აგურისფერი მასით - ფისით; ტილო ჰფარავდა მაცხოვრის მთელს ბიუსტსა და ორივე ნაწნავის უდიდეს ნაწილს; ტილო ამოჭრილი ყოფილა მაცხოვრის პირი-სახის გამოსაჩენად მაგრამ იგი მაცხოვრის სახის მოხაზულობას არ მიყვება ზუსტად, პირიქით, მას ფარავს. მოჭედილობის ახდის დროს გამოირკვა, რომ ტილო, რომელიც ზუსტად მიყვება მოჭედილობის კონტურს და არა პირვანდელ მხატვრობას, დაუკრავთ ძველს მხატვრობაზე ახალი მოჭედილობის სარჩულად 1825 წელს."

1929 წელს "ფრთხილად" იქნა აგლეჯილი ეს ჭედურობა. ძალიანაც რომ სდომოდა შ. ამირანაშვილს როგორ უნდა ეღიარებინა კომუნისტების იმ საშინელი ტერორის პირობებში ხატის ხელითუქმნელობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი მაინც ვერ უვლის გვერდს ძველი წყაროების მოწმობას.

"ტილო, რომელიც ძველს მხატვრობაზე დაკრული იყო 1825 წ., ფარავდა პირვანდელ მხატვრობას, ამიტომ იგი ფრთხილად მოვაცილეთ მხატვრობას. გამოირკვა აგრეთვე, რომ ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი ხატის ჩარჩოს ქვემოთ მოთავსებული ყოფილა ამავე შემადგენლობის მასა, რომელიც დაკრული ყოფილა ტილოზე. ტილოს ახდის შემდეგ შეიქმნა რესტავრაციის სქემა (სურ. #2)."

"ანჩისხატის მაცხოვრის გამოსახულება მოთავსებული ყოფილა მოგრძო ვიწრო ოთხკუთხედში, ჯერ კიდევ, ბექა ოპიზარისა და იოანე რკნაელის დროს. მაცხოვრის ბიუსტი და სახარების გამოსახვა მარცხენა ხელში, რომელიც მოცემულია 1825 წელს მოჭედილობაში, გვაძლევს მაცხოვრის სხვა იკონოგრაფიულ ტიპს, რომელიც ცნობილია ,,ყოვლის მპყრობელის" სახელწოდებით. ვინაიდან ეს მოჭედილობა შესრულებულია XIX ს. პირველ მეოთხედში, ამიტომ უნებლიეთ ისმება საკითხი, რამდენად სწორია ძველი წყაროების მოწმობა მაცხოვრის იკონოგრაფიული ტიპის შესახებ, რისი გამორკვევისათვისაც საჭირო გახდა გვიანი ხანის მოჭედილობის ახდა, რაც შესრულებული იყო 1929 წ. საქართველოს ეროვნული გალერიის დირექციის მიერ ჩემი მონაწილეობით. მოჭედილობის მოხსნის დროს დადასტურდა სრული სინამდვილით, რომ ძველი წყაროების მოწმობა და გადმოცემა მაცხოვრის იკონოგრაფიული ტიპის შესახებ, სინამდვილეს შეეფერება. მოჭედილობის ახსნამ გამოარკვია მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომლების დეტალურ განხილვას ცალკე წარმოვადგენთ, ამჟამად კი უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ზოგადი შენიშვნებით; მაცხოვრის გამოსახულება თავდაპირველად წარმოადგენდა, იკონოგრაფიული თვალსაზრისით, მართლაც ,,ხელთუქმნელი" გამოსახულების ტრადიციულ ტიპს; ამ მხრივ, წერილობითი წყაროებისა და გადმოცემის ცნობა იკონოგრაფიული ტიპის დადგენის თვალსაზრისით, სავსებით მართებულია".

საბჭოეთის პერიოდში ზემოთ განხილული გამოკვლევის მსგავსი, მრავალი შემთხვევა ხდებოდა ეკლესიისა და სიწმიდეების წინააღმდეგ იმდროინდელი ავაზაკური ქმედებების შესანიღბავად...

საწყენი ის არის, რომ წლების მანძილზე ვიმეორებთ არა ეპისკოპოს იოანე ანჩელი-რკნაელის, წმ. თამარ მეფის, დომენტი კათალიკოსის და სხვა მოღვაწე პატიოსან მამათა სიტყვებს, არამედ თანამონაწილეები ვხდებით გამიზნულად გაყალბებული ისტორიის გავრცელებისა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი საეკლესიო გამოცემაც იმეორებს ხელითუქმნელი ანჩისხატის ენკაუსტიკობის შეთითხნილ ვერსიას.